თეგი: მე-3 ქვეითი ბრიგადა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი გავიდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს. მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად რეიდის ოპერაცია ჩაატარა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი ქ. ქუთაისში, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე გაიმართა. საიუბილეო თარიღი ბრიგადის პირად შემადგენლობას დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლიამ მიულოცა. ღონისძიებაზე სამხედროები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დაჯილდოვდნენ ცეცხლსასროლი იარაღითა და უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“ და „გენერალი მაზნიაშვილი“. მე-3 ქვეითი ბრიგადა, 1992 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში, თავდაპირველად, 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის სახით შეიქმნა და ერთ-ერთი უძველესი დანაყოფია საქართველოს თავდაცვის ძალებში, რომელიც შექმნისთანავე აფხაზეთში წარმოებულ საომარ მოქმედებებში აქტიურად ჩაება. 2008 წლის აგვისტოში მე-3 ქვეითი ბრიგადა მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში. ბრიგადის პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაშიც. სხვადასხვა დროს მისი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიებში: კოსოვოში, ერაყის რესპუბლიკასა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.
31-ე ქვეითმა ბატალიონმა მასშტაბური საველე სწავლება ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბატალიონისთვის, სიმულაციური სცენარის მიხედვით, მოეწყო თავდაცვითი პოზიციები, განხორციელდა რეიდი, მოხდა პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნება და მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება. „ოთხკვირიანი სწავლების განმავლობაში 31-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. მათ 31-ე ქვეითი ბატალიონი ერთ-ერთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ ქვედანაყოფად შეაფასეს. GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.