საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი გავიდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს. მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად რეიდის ოპერაცია ჩაატარა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.
ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი ქ. ქუთაისში, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე გაიმართა. საიუბილეო თარიღი ბრიგადის პირად შემადგენლობას დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლიამ მიულოცა. ღონისძიებაზე სამხედროები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დაჯილდოვდნენ ცეცხლსასროლი იარაღითა და უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“ და „გენერალი მაზნიაშვილი“.
მე-3 ქვეითი ბრიგადა, 1992 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში, თავდაპირველად, 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის სახით შეიქმნა და ერთ-ერთი უძველესი დანაყოფია საქართველოს თავდაცვის ძალებში, რომელიც შექმნისთანავე აფხაზეთში წარმოებულ საომარ მოქმედებებში აქტიურად ჩაება. 2008 წლის აგვისტოში მე-3 ქვეითი ბრიგადა მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში. ბრიგადის პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაშიც. სხვადასხვა დროს მისი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიებში: კოსოვოში, ერაყის რესპუბლიკასა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.