თეგი: მთავრობის ანგარიში
რას გეგმავს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმართულებით - ანგარიში
მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად. „სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია. 2023 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თავმჯდომარეობით, შეიქმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც დაამტკიცა განზრახულობის შესახებ განაცხადი. აღნიშნული განაცხადი გამოქვეყნდა დადგენილი წესით 2023 წლის 20 თებერვალს და კანდიდატებს მიეცათ 3-თვიანი ვადა განცხადებისა და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. აღნიშნული ვადა შემდგომში გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2023 წლის 19 ივნისამდე. აღსანიშნავია, რომ პროექტი კანდიდატებისთვის შეთავაზებულ იქნა ახალი სტრუქტურით, რომლის თანახმადაც, პროექტი განხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით, რომლის ფარგლებშიც, საჯარო და კერძო პარტნიორების თანამონაწილეობით შეიქმნება ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო იქნება 51%-ის, ხოლო კერძო პარტნიორი − 49%-ის მფლობელი. ამასთან, შესარჩევი პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სახელმწიფო გეგმავს ძირითადი საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყებას (დაღრმავება და ტალღმტეხის მშენებლობა), რისთვისაც 2023 წლის აპრილში დაფუძნდა შესაბამისი სახელმწიფო კომპანია, რომელმაც უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. ამავე პერიოდში, მიმდინარეობს მუშაობა შესარჩევი პროცესის სხვა დოკუმენტაციაზე. კერძოდ, წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის დოკუმენტზე, კონცესიის ხელშეკრულებისა და პარტნიორთა შეთანხმების პროექტებზე, რომლებიც უნდა წარედგინოთ კვალიფიცირებულ კანდიდატებს, საკვალიფიკაციო შეფასების დასრულების შემდგომ. ამასთან, მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ კანდიდატებთან“, – ნათქვამია ანგარიშში. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა. უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.
232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს - მთავრობის ანგარიში
2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება - 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. მთავრობის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი და ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში 10 არასრულწლოვანი. „2022 წელს გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 1-ელი ივნისიდან 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა. 2022 წელს განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია. შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსდნენ არასრულწლოვანები. ასევე, აქტიურად განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი. ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში ირიცხება 10 არასრულწლოვანი“, - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2023 წლიდან ასევე, გაიზარდა სახელმწიფო პენსიების ოდენობა. „პენსიის ინდექსაციის წესის შესაბამისად, 2023 წელს სახელმწიფო პენსიის ოდენობა 70 წლამდე მოსახლეობისათვის განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულთათვის − 365 ლარით. სახელმწიფო პენსიის ზრდის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პენსიონერებმა მიიღეს გაზრდილი დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით“,- ნათქვამია ანგარიშში. მთავრობის მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ გრძელდება დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა და საანგარიშო პერიოდში განსახლდა 2556 დევნილი და 141 ეკომიგრანტი პირი, მათ შორის, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 118 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართებით, ასევე, განხორციელდა სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 2185 დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა. ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს.
რა წერია მთავრობის ანგარიშში NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებით
დინამიკურად ვითარდებოდა NATO-საქართველოს თანამშრომლობა. NATO-ში საქართველოს გაწევრების პროცესის ხელშესაწყობად, გაიმართა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები თბილისში, ბრიუსელსა და NATO-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. „2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, მადრიდის სამიტზე დამტკიცებული, საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე. 2023 წლის მარტში კი, საქართველომ შეიმუშავა 2023 წლის რიგით მე- 15 წლიური ეროვნული პროგრამა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი საბოლოო დოკუმენტი წარედგინა ნატოს მხარეს 17 მაისს, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც. საანგარიშო პერიოდში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის 8 სხდომა“,- ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ევროკავშირის ნაწილში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის 23 ივნისის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა ორმხრივი ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით. ანგარიშის თანახმად, ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული კავშირების განმტკიცების, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, შედგა უპრეცედენტო რაოდენობის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის - 36 ორმხრივი ვიზიტი. „პროაქტიულად, დაიგეგმა და განხორციელდა ასევე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან, საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში. პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში შეხვედრები გაიმართა კვიპროსთან, ლიეტუვასთან, რუმინეთთან, სლოვენიასთან, იტალიასთან, ირლანდიასთან. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს ევროპული მომავლისადმი გერმანიის მხრიდან დაფიქსირებული ღია პოლიტიკური მხარდაჭერა“,-ნათქვამია ანგარიშში. მათივე ცნობით, გრძელდებოდა მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით საქართველოსთვის გათვალისწინებული საფლაგმანო ინიციატივების განხორციელების კუთხით. „ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გაწეული ძალისხმევა შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარების მიზნით, მათ შორისაა საქართველოს მიერ ინიციირებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის სტრატეგიული პროექტი. 2022 წლის 15 ნოემბერს ევროკავშირის ინიციატივით საქართველოს (მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად) მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი „ტრანსპორტის გაერთიანების“ (TCT) შესაბამის ორგანოებში. მომზადდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვისა და წლის ანგარიშები, მომზადდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულების 2022 წლის ანგარიში, რომელიც წარედგინა ევროკომისიას“,- ნათქვამია ანგარიშში. მთავრობის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2022 წლის ივნისს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროპული პერსპექტივა, საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა და გადაწყვეტილებისთანავე შეუდგა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას. „ამ მიზნით, პარლამენტში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები პარლამენტის წევრების, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. საქართველოს მიერ ამ კუთხით განხორციელებული ძალისხმევის თაობაზე მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით შეიქმნა უწყებათშორისი ჯგუფი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში არაერთი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის დედაქალაქებში და შეხვედრები გამართა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 2023 წლის თებერვალში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ავსებს 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ევროკომისიის მოსაზრებას და აფასებს ევროკავშირთან საქართველოს ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების დონეს. ანგარიშის თანახმად, საქართველო წევრობისთვის მომზადების დონით 6 მიმართულებიდან 3-ში უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, კერძოდ, ესენია: ფუნდამენტური საკითხები, კონკურენტუნარიანობა და შიდა ბაზარი. უნდა აღინიშნოს ევროპარლამენტის დოკუმენტებსა და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ანგარიშებში ასახული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთანავე, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაახლოების პროცესის ეფექტიანი მონიტორინგისთვის შემუშავდა ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებების ელექტრონული აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემა, რომელიც 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდება. ელექტრონული პლატფორმა აღრიცხავს მონაცემებს მიმდინარე, შესრულებულ თუ სამომავლო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის შესახებ. ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასების კუთხით, სამართლებრივი ექსპერტიზის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში მომზადდა 68 სამართლებრივი დასკვნა ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის დირექტივებთან, რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით“, - წერია ანგარიშში. ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს. ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს.