მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრობს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად.
„სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია. 2023 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თავმჯდომარეობით, შეიქმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც დაამტკიცა განზრახულობის შესახებ განაცხადი.
აღნიშნული განაცხადი გამოქვეყნდა დადგენილი წესით 2023 წლის 20 თებერვალს და კანდიდატებს მიეცათ 3-თვიანი ვადა განცხადებისა და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. აღნიშნული ვადა შემდგომში გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2023 წლის 19 ივნისამდე.
აღსანიშნავია, რომ პროექტი კანდიდატებისთვის შეთავაზებულ იქნა ახალი სტრუქტურით, რომლის თანახმადაც, პროექტი განხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით, რომლის ფარგლებშიც, საჯარო და კერძო პარტნიორების თანამონაწილეობით შეიქმნება ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო იქნება 51%-ის, ხოლო კერძო პარტნიორი − 49%-ის მფლობელი.
ამასთან, შესარჩევი პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სახელმწიფო გეგმავს ძირითადი საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყებას (დაღრმავება და ტალღმტეხის მშენებლობა), რისთვისაც 2023 წლის აპრილში დაფუძნდა შესაბამისი სახელმწიფო კომპანია, რომელმაც უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. ამავე პერიოდში, მიმდინარეობს მუშაობა შესარჩევი პროცესის სხვა დოკუმენტაციაზე. კერძოდ, წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის დოკუმენტზე, კონცესიის ხელშეკრულებისა და პარტნიორთა შეთანხმების პროექტებზე, რომლებიც უნდა წარედგინოთ კვალიფიცირებულ კანდიდატებს, საკვალიფიკაციო შეფასების დასრულების შემდგომ. ამასთან, მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ კანდიდატებთან“, – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა.
უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.
ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.
ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა.
„ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის.
ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
„ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში..
ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში.
რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან.
-
ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
-
ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
-
ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
-
პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.