თეგი: მიუნხენი
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-20 თებერვალს მიუნხენში გაიმართება. მთავრობის მეთაურმა, კონფერენციაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის მიწვევა მიიღო. „ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო 2021 წელს ვერ ვუმასპინძლეთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, თუმცა მაღალი დონის შეხვედრების სერია მოეწყო ვირტუალურ და სატელევიზიო ფორმატში და მათ „გზა მიუნხენისკენ“ ეწოდა. ყოველივე ამის მიზანი იყო უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ დიალოგი გამართულიყო საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის და საფუძველი ჩაგვეყარა 2022 წლის თებერვლის დებატებისთვის. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2022 წელს საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზებს მეტად უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მაღალი დონის იდეების ურთიერთგაცვლა მოხდეს მათ შორის სტრატეგიული დებატების გზით. ეს იქნება საუბრები სცენიდან, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები. როგორც წინა წლებში ხდებოდა, მთავარი პროგრამის ფორმატში გამართულ დებატებს ამჯერადაც გაამდიდრებს მრავალი პარალელური ღონისძიება, რომლებსაც საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტები და ორგანიზაციები მოაწყობენ. ბუნებრივია, კონფერენციის ფორმატი და პროგრამა მორგებული იქნება ჯანდაცვისა და უსაფრთხოების იმ დროისთვის მოქმედ რეგულაციებზე. ვიმედოვნებ, 2022 წლის თებერვალში მიუნხენში მექნება თქვენი დახვედრის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია ვოლფგანგ იშინგერის წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 18-20 თებერვალს გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიუნხენში ჩასვლაზე უარი განაცხადა, თუმცა უსაფრთხოების კონფერენციას შესაძლოა, ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწროს. ღონისძიებაში, რომელიც 18-20 თებერვალს გაიმართება, 30-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ჩინეთს წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი (შესაძლოა ონლაინ რეჟიმში). საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩამოსვლაზე ჯერ კიდევ განიხილება. „არავითარ შემთხვევაში არ მსურს რუსეთის გამორიცხვა. მხოლოდ მოსკოვზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ის შესაძლებლობას, არამხოლოდ წერილებით წარუდგინოს თავისი პოზიცია აშშ-სა და NATO-ს, არამედ კიდევ ერთხელ წარუდგინოს კომპეტენტურ და მაღალი რანგის საზოგადოებას“, - ხაზგასმით აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მასპინძელმა ვოლფგანგ იშინგერმა. გასულ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კორონავირუსის პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა. წელს, ორგანიზატორებმა მკაცრი ზომების დაცვა გადაწყვიტეს. მონაწილეთა რაოდენობა აქამდე 2000-ს აღემატებოდა, ახლა არაუმეტეს 600 ადამიანის დაშვებაა ნებადართული რისკის შესამცირებლად. მკვეთრად შემცირდა ჟურნალისტების რაოდენობაც. იშინგერისთვის, რომელიც 14 წელია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე იყო, ეს ბოლო ფორუმი იქნება. 2022-ის შემდეგ, ის ხელმძღვანელობას ანგელა მერკელის ყოფილ მრჩეველს და გერმანიის ყოფილ წარმომადგენელს გაეროში კრისტოფ ჰეუსგენს გადასცემს.
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-20 თებერვალს მიუნხენში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა მიიწვია. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად, რომელიც ყოველი წლის თებერვალში თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსანსა და ლიდერს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში
მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რაც ნამდვილად შესანიშნავი პლატფორმაა ტრადიციული და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას. „საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას საერთო ფასეულობებისა და იდეალების წინსვლის სურვილით, რასაც შეუძლია გაზრდილი უსაფრთხოება უზრუნველყოს მთელს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი: NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ურყევი სტრატეგიული არჩევანია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ანიტა ანანდთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ კანადელ კოლეგას განსაკუთრებული პარტნიორობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. ამ კუთხით, ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველო თავდაცვის რეფორმებს თანმიმდევრულად ახორციელებს და თანამედროვე, NATO-სთან თავსებად თავდაცვის ძალებს აყალიბებს. მისი თქმით, NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ურყევი სტრატეგიული არჩევანია. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სწავლებებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრები მომავალ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. ასევე დაგეგმილია თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.