რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიუნხენში ჩასვლაზე უარი განაცხადა, თუმცა უსაფრთხოების კონფერენციას შესაძლოა, ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწროს.
ღონისძიებაში, რომელიც 18-20 თებერვალს გაიმართება, 30-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ჩინეთს წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი (შესაძლოა ონლაინ რეჟიმში). საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩამოსვლაზე ჯერ კიდევ განიხილება.
„არავითარ შემთხვევაში არ მსურს რუსეთის გამორიცხვა. მხოლოდ მოსკოვზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ის შესაძლებლობას, არამხოლოდ წერილებით წარუდგინოს თავისი პოზიცია აშშ-სა და NATO-ს, არამედ კიდევ ერთხელ წარუდგინოს კომპეტენტურ და მაღალი რანგის საზოგადოებას“, - ხაზგასმით აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მასპინძელმა ვოლფგანგ იშინგერმა.
გასულ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კორონავირუსის პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა. წელს, ორგანიზატორებმა მკაცრი ზომების დაცვა გადაწყვიტეს. მონაწილეთა რაოდენობა აქამდე 2000-ს აღემატებოდა, ახლა არაუმეტეს 600 ადამიანის დაშვებაა ნებადართული რისკის შესამცირებლად. მკვეთრად შემცირდა ჟურნალისტების რაოდენობაც.
იშინგერისთვის, რომელიც 14 წელია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე იყო, ეს ბოლო ფორუმი იქნება. 2022-ის შემდეგ, ის ხელმძღვანელობას ანგელა მერკელის ყოფილ მრჩეველს და გერმანიის ყოფილ წარმომადგენელს გაეროში კრისტოფ ჰეუსგენს გადასცემს.