თეგი: ნარკობარონი
მექსიკაში ნარკობარონ ელ ჩაპოს შვილი დააკავეს
მექსიკის პოლიციამ სამხედროებთან ერთად, სინალოას ნარკოკარტელის სავარაუდო ლიდერი, ოვიდიო გუზმან-ლოპესი, ნარკობარონი ელ ჩაპოს ვაჟი დააკავა. ამის შემდეგ ნარკოკარტელის წევრებმა ქალაქ კულიაკანში არეულობა დაიწყეს, იუწყება ადგილობრივი მედია Radio Formula. სინალოას გუბერნატორმა რუბენ როჩამ განაცხადა, რომ არეულობის დროს, რომელიც დილიდან შუადღემდე გაგრძელდა, 12 შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც შვიდი სამართალდამცველი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულია სამი მშვიდობიანი მოქალაქე. არიან დაშავებულებიც. გარდა ამისა, ქალაქში ძარცვის 25 შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე 250 მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, რომლებიც შემდგომში ქუჩების გადასაკეტად გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნარკოკარტელის წევრებმა თვითმფრინავსაც ესროლეს, რათა ხელი შეეშალათ ოვიდიო გუზმან-ლოპესის ტრანსპორტირებაში. სიტუაცია მოგვიანებით დასტაბილურდა. მექსიკის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სავარაუდო ნარკოკარტელის ლიდერი უსაფრთხოდ გადაიყვანეს მეხიკოში, საიდანაც, სავარაუდოდ, მისი ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში მოხდება. 2019 წელს ოვიდიო გუზმან-ლოპესი უკვე დააკავეს მსგავსი ოპერაციის დროს, მაგრამ შემდეგ ნარკოკარტელის წევრებმა ქალაქში ფართომასშტაბიანი არეულობები მოაწყვეს, რამდენიმე სამხედრო მძევალი აიყვანეს და ასევე მოახერხეს პოლიციის ოფიცრების ჯგუფის ალყაში მოქცევა. ქვეყნის ხელისუფლებამ გუზმან-ლოპესის გათავისუფლება, შემდგომი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა. 2021 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ოვიდიო გუზმან-ლოპესის და მისი სამი ძმის დაპატიმრებას შეუწყობდა ხელს. ხოაკინ გუზმანი (ელ ჩაპო) მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნარკობარონია. ორჯერ იყო პატიმრობაში მექსიკაში და ამდენჯერვე გაიქცა ციხიდან. ბოლო გაქცევა 2015 წელს მიწისქვეშა გვირაბის გამოყენებით შეძლო. ელ ჩაპო გაქცევიდან ექვსი თვის შემდეგ მექსიკაში დააკავეს. 2017 წელს ექსტრადირებული იყო შეერთებულ შტატებში. 2019 წლის ივლისში აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ნარკობარონს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის, ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპულთაგან 10 სამხედრო და 19 ნარკოკარტელის წევრია, თავად ოვიდიო გუსმან-ლოპესი კი პოლიციამ აიყვანა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 21 პირი. როგორც „როიტერი“ წერს, „ელ ჩაპოს“ შვილს ბრალი ედება მამის მიერ დაფუძნებული ნარკოკარტელის, „სინალოას“ ერთ-ერთი ფრთის ხელმძღვანელობა. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი არალეგალური ორგანიზაციაა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდას ახორციელებს.