მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის, ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულთაგან 10 სამხედრო და 19 ნარკოკარტელის წევრია, თავად ოვიდიო გუსმან-ლოპესი კი პოლიციამ აიყვანა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 21 პირი.
როგორც „როიტერი“ წერს, „ელ ჩაპოს“ შვილს ბრალი ედება მამის მიერ დაფუძნებული ნარკოკარტელის, „სინალოას“ ერთ-ერთი ფრთის ხელმძღვანელობა. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი არალეგალური ორგანიზაციაა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდას ახორციელებს.