თეგი: ოკუპირებული ტერიტორია

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე, ფრენკ იანეზი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იანეზის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმს, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს. „ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული პირების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 1999 წელს დაბადებული ფრენკ იანეზი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 27 ივლისს, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ბალაანის მიდიამოებში „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ დააკავეს.  

ზურაბიშვილის თქმით, უკრაინაში დამარცხების შემდეგ რუსებმა, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორია უნდა დატოვონ

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმებამ, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს დაასრულებს, უნდა დაავალდებულოს მოსკოვი, საქართველოს ოკუპაციაც შეწყვიტოს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხები უნდა განიხილებოდეს, რადგან არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, რუსეთის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უკან დახევის გარეშე დასრულდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. „რუსეთმა უკვე თითქმის წააგო ბრძოლები, თუ არა მთლიანად ომი”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.  მისივე თქმით, თუ დასავლეთი არ მოითხოვს რუსეთის მიერ ჯარების სრულ გაყვანას, მაშინ „ის კიდევ ერთ დიდ შეცდომას დაუშვებს - როგორც 2008 და 2014 წლებში". 2008 წელს რუსეთის ჯარებმა საქართველოს ერთი მეხუთედი დაიკავეს და ამ ტერიტორიაზე ორი არაღიარებული სახელმწიფო გამოაცხადეს - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.