თეგი: ოლგა სტეფანიშინა

უკრაინა აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% შეასრულა

უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, კიევმა შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% და იცის, რომ აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების ყველა სამართლებრივი პროცედურის დასრულება.ამავდროულად, წლის ბოლომდე უკრაინის ხელისუფლებას ევროკავშირის ლიდერებისგან, გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ მეტი პოლიტიკური სიცხადის შეტანა სურს. ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი უკრაინის საზოგადოების მთავარ მოტივაციად რჩება, რომელიც უკრაინელების 90%-ზე მეტს აერთიანებს. ის ასევე ენერგიას აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ახლა უკრაინის ევროპული მომავლისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან. „ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესი ბიუროკრატიულად წარიმართოს. რა თქმა უნდა, როგორც სახელმწიფო, ვაჩვენებთ ჩვენს შესაძლებლობებს, მაქსიმალურად გავიაროთ წევრობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა, მაგრამ არ გვინდა, პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის ლიდერებმა ეს პროცესი ბიუროკრატიაში გადაზარდონ“, - აღნიშნა ოლგა სტეფანიშინამ. შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ქვეყანამ განაცხადა რუსეთის შეჭრის შემდეგ, ომის ფონზე გააკეთა.    

უკრაინის ვიცე-პრემიერი: როდესაც ომი დასრულდება, მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთს არ ექნება „მადა“ ახალი აგრესიის დასაწყებად

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ როდესაც ომი დასრულდება, მსოფლიო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ რუსეთი ახალ აგრესიას ვერ წამოიწყებს. მისი თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, რომლის 40% უკვე განადგურებულია, რუსეთი ცდილობს უკრაინის მოსახლეობის დემორალიზებას. სტეფანიშინამ ასევე გაამახვილა ყურადღება უკრაინისთვის გადაუდებელ აუცილებლობაზე, დაიხუროს ცა, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ზამთარში. მან აღნიშნა, რომ ყველა ომი მოლაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ არის რამდენიმე ელემენტი, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ამას. „უკრაინამ უნდა მოიგოს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი და როდესაც ის დასრულდება, მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთს არ ექნება „მადა“ ახალი აგრესიის დასაწყებად“, - განაცხადა სტეფანიშინამ.