თეგი: ოპოზიციონერი დეპუტატები
არასამთავრობო ორგანიზაციები სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ
"ქართული ოცნება” პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აცხადებს, რითაც პარლამენტის სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხმაურებიან. ორგანიზაციების ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. „2022 წლის 7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით ჯაფარიძის მიმართ სადავო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება. ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის ფასადზე - ოპოზიციონერი დეპუტატები
მოგიწოდებთ, ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე დააბრუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მიერ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისადმი მიწერილ ერთობლივ წერილშია ნათქვამი. მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა როგორც წერილშია აღნიშნული, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, 26 მაისის აღსაღნიშნად გამოფენილი სიმბოლიკიდან ევროკავშირის დროშის ამოღება, „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის კიდევ ერთი ჩვენებაა. „ბატონო შალვა, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში წევრობისკენ არის ხალხის მიერ არჩეული და საქართველოს კონსტიტუციით დადასტურებული განცხადებული ეროვნული ინტერესი. წელს, როცა საქართველო ევროკავშირისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პასუხს ელოდება, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშის ამოღება გამოფენილი სიმბოლიკიდან საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციურ დავალებას ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, ეს კიდევ ერთი ჩვენებაა „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის. ხელისუფლება ვალდებულია, კონსტიტუციით გარანტირებული ხალხის ნება აღასრულოს და ამის გამოხატულება უზრუნველყოს, მათ შორის და არამხოლოდ, დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი სიმბოლიკით. დროშა არ არის მხოლოდ თემატური დეკორაცია, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და შესაბამისი შინაარსი, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანია ევროპა და არავის აქვს უფლება მოქალაქეთა ნებაზე მაღლა დააყენოს საკუთარი ინტერესები. მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად, როგორც ეს იყო გასულ წელს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია ხოლო ევროკავშირის სიმბოლიკის ადგილი, საქართველოს დროშის გვერდით!,“ - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ბექა ლილუაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, თამარ ჩარკვიანი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ქეთევან თურაზაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკატერინე ხერხეულიძე, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანა წითლიძე, ცეზარ ჩოჩელი, სულხან სიბაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, დავით კირკიტაძე, მანუჩარ კვირკელია, აბდულა ისმაილოვი, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია", - ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივ განცხადებას პარტია „ლელო“ ავრცელებს.