"ქართული ოცნება” პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აცხადებს, რითაც პარლამენტის სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხმაურებიან.
ორგანიზაციების ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
„2022 წლის 7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით ჯაფარიძის მიმართ სადავო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს.
იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს.
საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება.
ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია განცხადებაში.