თეგი: ოპოზიციური პარტიები

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია თბილისში ვიზიტის ფარგლებში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრაში გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია, ზურა-გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ნათია მეზვრიშვილი, თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი მონაწილეობენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ასეთი ვიზიტები არის გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ასეთი ვიზიტები არის გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სტრატეგიული პარტნიორი და სრული მხარდაჭერის იმედი შეიძლება, გვქონდეს ამერიკის მხრიდან. ეს არის შესაძლებლობა ჩვენ დავაყენოთ ჩვენი ის ეროვნული ინტერესები, რაც გვაქვს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების წინაშე", - განაცხადა ვაშაძემ. სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს. ამავე თემაზე აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასდროს კმაყოფილდება - გზავნილები კონგრესის დელეგაციის ვიზიტიდან სენატორი კუნსი: ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან სენატორი კრის კუნსი: დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ სენატორების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ ქეისი: ქართველები უკრაინელებს უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი, ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივებზე და მხარი დავუჭიროთ ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას", - საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საჭირო სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ევროკავშირის წევრობა არის საქართველოს ისტორიული შანსი და მთავარი ამოცანა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე, რეკომენდაციების მიღებისთანავე დააყენა 3 კონკრეტული დათქმა, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. დათქმა 1: დეოლიგარქიზაცია არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს და უფრო მეტიც, ოლიგარქები არიან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და კრიტიკული მედიის დამფუძნებლები. დათქმა 2: „ქართული ოცნება“ არ აღიარებს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას და პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას, ხოლო სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებას პროცედურული საკითხების ფორმალური გადაწყვეტით ცდილობს. დათქმა 3: „ქართულმა ოცნებამ“ წინსწრებით უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული და უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულებაზე, ხოლო დეპოლარიზაციად მიაჩნია ოპოზიციური სპექტრის და კრიტიკული მედიის გაჩუმება, მათ შორის, ხელისუფლების ანტიდასავლურ გზავნილებზე. ამის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ჰიბრიდული ომის ხერხის გამოყენებით წამოიწყო საინფორმაციო შეტევა პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ელჩებზე, აშშ და ევროკავშირის ინსტიტუტებზე იმ საბაბით, თითქოს ყველა ზემოაღნიშნულს სურდა საქართველოში ომის დაწყება და მეორე ფრონტის გახსნა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დაკავშირებულია ომში ჩართვასთან და არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ უხეშად შეზღუდა დასავლეთიდან დაფინანსებული ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების (სამართლიანი არჩევნები-ISFED) მონაწილეობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სამუშაო პროცესში, რასაც მოჰყვა სხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. მიუხედავად „ქართული ოცნების“ პოზიციისა, რეკომენდაციების მიღებისთანავე, ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა, რომ ერთობლივად, მმართველი პარტიის მონაწილეობით, შევთანხმებულიყავით საერთო სამოქმედო გეგმაზე და დაგვეწყო მუშაობა კონკრეტული მიმართულებებით. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და დემონსტრაციულად ჩაკეტა სასესიო დარბაზის კარები. ამის შემდეგ, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს მოგვიწია ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად სამუშაო პროცესის დაწყება საჭირო ინიციატივების მოსამზადებლად. პროცესი წარიმართა ინკლუზიურად, არასამთავრობო სექტორის ფართო ჩართულობით, განსხვავებით ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფაქტობრივად ერთპარტიული, არაგამჭვირვალე და არაინკლუზიური პროცესისგან. ზაფხულის განმავლობაში, არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ მოვამზადეთ ევროპული რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო სათანადო გადაწყვეტები და საკანონმდებლო ინიციატივები თორმეტივე მიმართულებით. ჩვენს მიერ მომზადებული ინიციატივების დიდი ნაწილი თანხვედრაშია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს. წინა კვირაში მოხდა შემუშავებული ხედვების და ინიციატივების გაცნობა სამოქალაქო სექტორისთვის. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ფინალური შეხვედრები დეოლიგარქიზაციის, სასამართლო, საარჩევნო და მედია საკითხების მიმართულებით. მომდევნო კვირაში, საბოლოო შეჯერების შემდეგ, მოხდება დოკუმენტის გასაჯაროება და შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივებზე და მხარი დავუჭიროთ ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ავტორები არიან: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები - თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე და ნატო ჩხეიძე", - ნათქვამია განცხადებაში.