აშშ-ის კონგრესის დელეგაცია თბილისში ვიზიტის ფარგლებში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრაში გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია, ზურა-გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ნათია მეზვრიშვილი, თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი მონაწილეობენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ასეთი ვიზიტები არის გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ასეთი ვიზიტები არის გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სტრატეგიული პარტნიორი და სრული მხარდაჭერის იმედი შეიძლება, გვქონდეს ამერიკის მხრიდან. ეს არის შესაძლებლობა ჩვენ დავაყენოთ ჩვენი ის ეროვნული ინტერესები, რაც გვაქვს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების წინაშე", - განაცხადა ვაშაძემ.
სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს.