თეგი: ორბელიანების სასახლე

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეულის გამართვის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გაიმართოს, სადაც ყველას, მონაცვლეობით ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი რეგიონი რომელიმე პროდუქციის გამოფენით, კონცერტებით, სახელოვნებო გამოფენებით, თუ რაიმე თემაზე საუბრებით. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს ინიციატივა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სამეგრელოში ქალ ბიზნესმენებს, ახალგაზრდებსა და სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლებს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. პრეზიდენტი ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბი დაათვალიერა და ტექნოპარკის შესაძლებლობებს გაეცნო, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ინოვაციური და სტარტაპ იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესს ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები გამოიყენონ. ,,ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია რეგიონების განვითარება. თქვენ რეალურ ძალასა და იმედს წარმოადგენთ. ჩვენ ახლა ევროკავშირში ინტეგრაციის ბოლო ეტაპისთვის ვემზადებით და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართულობა და მონაწილეობა. ჩვენ წინაშე არსებულ ბევრ რეკომენდაციაში რეგიონების როლი საკმაოდ გამოკვეთილია - თვითმმართველობა, თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობა და ამ ყველაფრისთვის თქვენ ხართ საჭირო. ძალიან დიდია მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მათი პასუხისმგებლობა, საზოგადოების გარეშე არაფერი კეთდება, ეს არის დემოკრატიის პირველი და მთავარი პრინციპი. ამიტომ, თქვენც ატარებთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას და თქვენი ინიციატივების გარეშე, ბევრი რამ ვერ გაკეთდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა. შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვები გაუზიარეს. მარი ბენდელიანმა, რომელიც პანდემიის დროს თბილისიდან ზუგდიდში გადავიდა და ნარჩენების მართვის სოციალური საწარმო შექმნა აცხადებს, რომ პრეზიდენტთან ასეთი პირისპირ შეხვედრები მნიშვნელოვანი და საჭიროა, რათა გაჟღერდეს რეგიონში მცხოვრები ადამიანების, მეწარმეების, ქალების, ახალგაზრდების ხმა და მივიდეს იქ, სადაც საჭიროა და სადაც გადაწყვეტილებების მიიღება. ,,გვსურს, რომ რომელიმე ძველი ქარხნის შენობაში შევქმნათ დიდი სივრცე, რამდენიმე სახელოსნოთი, რომელიც იზრუნებს ქსოვილის ნარჩენების აღდგენაზე, ელექტრომოწყობილობებისა და ძველი ავეჯის აღდგენაზე. ასევე, გვექნება საერთო სამუშაო სივრცე, რაც ზუგდიდში ძალიან ცოტაა. გვინდა, რომ გვქონდეს ნულოვანი ნარჩენის მაღაზიაც. მთელი შენობის კონცეფცია იქნება ნარჩენების მართვასა და გარემოს დაცვა “, - განაცხადა ბენდელიანმა. ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამაარსებლის სალომე ადამიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია რეგიონის ახალგაზრდებთან, ქალებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი ამკვიდრებს ამ პრაქტიკას და ამ ფორმატში უშუალოდ ცდილობს გაარკვიოს დღის წესრიგის ის საკითხები, რაც დგას რეგიონის მოსახლეობის წინაშე და გამართოს ამ ტიპის დიალოგი. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს ღია და ძალიან საინტერესო საუბრისათვის. შეხვედრაზე დამსწრე მეწარმეების ნაწილმა პრეზიდენტს თავისი პროდუქციაც წარუდგინა.

ორბელიანების სასახლეში მხატვარ ნინო გამსახურდიას გამოფენა გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს შვეიცარიაში მცხოვრები მხატვრის, ნინო გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, ესწრებოდნენ დიპლომატები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ნინო გამსახურდია შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც ბუნებრივ მასალებთან ურთიერთობის კაცობრიობის უძველეს გამოცდილებას და ამ მასალების საშუალებით საკუთარი იდეების თვითგამოხატვას ეფუძნება. მხატვარ ნინო გამსახურდიას განცხადებით,  ქართულ კულტურაში ბევრი ელემენტია, რომელიც დავიწყებას ეძლევა და მის შესანარჩუნებლად საჭიროა ბრძოლა, არა ხმლით და იარაღით, არამედ მისი განახლებით, გამოყენებით და თანამედროვე მეთოდებით ცნობიერებაში შემოსვლითა და ხელოვნებით. „ჩვენ 30 წლის წინ წავედით ემიგრაციაში და წავიღეთ აქედან უდიდესი სიმდიდრე – ეს არის ქართული კულტურა, ხელოვნება და ცოდნა მის შესახებ. ქართული მრავალხმიანობა ჩვენს ოჯახში ყოველთვის საქართველოს ის ნაწილი იყო, რომელიც თან წავიღეთ. მე საქართველოდან საოცარი პედაგოგებისგან და მეცნიერებისგან უდიდესი ცოდნა წავიღე, რომელმაც შემდგომი განვითარებისთვის უდიდესი დახმარება გამიწია. ჩემი შემოქმედება არის არა მხოლოდ ფერწერა, არამედ უფრო სამეცნიერო ექსპერიმენტი, რომ ეს ძველი ტექნიკა რაღაცნაირად ისევ აღდგეს, რაღაც ფორმით მაინც იარსებოს. ჩემი შემოქმედება ექსპერიმენტული ტიპის ხელოვნებაა, ამ ნიმუშებს თანამედროვე ფორმა აქვს, ოღონდ მთლიანად, მთელი ტექნიკა აბსოლუტურად ტრადიციულია და ეყრდნობა ძველ ხატწერას, ძველ კედელთმხატვრობას, უფრო განვრცობილია, რა თქმა უნდა, რადგან დღეს ვცხოვრობთ გლობალიზებულ სამყაროში, მე მაქვს მაგალითად საშუალება შევიძინო ერთი პიგმენტი, რომელიც მოიპოვება ჩილეში, მეორე მოიპოვება ავსტრალიაში და ა.შ. მაგრამ დაახლოებით მესამედი ამ პიგმენტების არის საქართველოდან, ქართული წარმოშობისაა“, – განაცხადა ნინო გამსახურდიამ. პრეზიდენტის მრჩევლის კოტე ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორც ბგერა მოდის სამყაროს კაცობრიობის დასაბამიდან, ეს ფერებიც სწორედ ჩვენი საწყისებიდან მოდის და მხატვრის შემოქმედებაც ამის ნათელი მაგალითია. „ნინო გამსახურდია იყენებს იმ პირველ ქმნილ ფერებს, რომლებიც არსებობს დედამიწაზე და რომელიც ადამიანმა თავის განვითარების პარალელურად აღმოაჩინა და რომლითაც იწყება კაცობრიობის შემოქმედება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის საკითხებში კოტე ნაცვლიშვილმა. მხატვარი იყენებს ოქროს, როგორც მზის სიმბოლოს და ოქროს ფონზე ბუნებრივი მინერალებისაგან (ნახევრად ძვირფასი ქვებისგან) დამზადებული საღებავებით ქმნის აბსტრაქტულ კომპოზიციებს. მისი შემოქმედება არის მცდელობა ადამიანი დააბრუნოს ბუნებასთან და დღევანდელ ტექნოკრატულ (ციფრულ) სამყაროში, სადაც გამეფებულია დროებითი, მოკლევადიანი ნივთებითა და ხელოვნებით სარგებლობის კულტი, საზოგადოება აზიაროს ადამიანის ცივილიზაციის დასაბამისეულ ტექნიკებს, მასალებსა და მხატვრულ ფორმებს, რომელიც შეგვახსენებს ხელოვნების თავდაპირველ – მაგიურ ფუნქციას.  

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში ,,რეგიონების კვირეული" იწყება

„რეგიონები ორბელიანების სასახლეში" 21 ნოემბერს ,,სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და 3 დღეს გასტანს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  „კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და  მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე. სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ორბელიანების სასახლე იმ ცოცხალ სივრცედ იქცევა, სადაც ადამიანები საერთო ენას იპოვიან ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად და  მისი პოტენციალის წარმოსაჩენად. სვანეთის დღეები არის ,,რეგიონების კვირეულის" პირველი ნაბიჯი, მიზანი კი, მომავლის სვანეთია, ისეთივე დიდებული და საამაყო, როგორც სვანეთის უმდიდრესი და მრავალფეროვანი წარსული. სვანეთის დღეების ფარგლებში, კულტურული პროგრამის პარალელურად, გაიმართება პანელური დისკუსიები სვანეთის თვითმმართველობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა, „სვანეთის დღეებზე“ დიპლომატებს უმასპინძლა

ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული მასალა - ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის გამოფენა დაათვალიერებინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  „სვანეთის დღეები“, მომღერალ სოფიო გელოვანის კონცერტით, საზეიმოდ დაიხურა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „სვანეთის დღეების" მონაწილეებს - სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობას, რომელმაც სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლეში საკუთარი რეგიონი წარადგინეს და ასევე, პროექტის ორგანიზატორებს. „მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ჩვენს ყველა სტუმარს. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გიორგობა და მინდა ორი სიტყვით მადლობა ვუთხრა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო პირველ მცდელობაში, რომ ჩვენ რეგიონებიდან ორბელიანების სასახლეში ჩამოვიყვანოთ ჩვენი თანამემამულეები და დავუთმოთ ეს სასახლე. მინდა, პირადად კოტე ნაცვლიშვილს, ნინიკო ტაბიძეს, იაგო წიკლაურს ვუთხრა მადლობა ამ ყველაფრის მოწყობისთვის. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან ეს პირველი ასეთი მცდელობაა. მინდა, ცხადია, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩამოვიდა სვანეთიდან და ვინც გაგვახარა ამ დღეებში. ეს არის პირველი, ჩვენ ვაგრძელებთ და ძალიან ბევრი ასეთი სიახლე გვექნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. „სვანეთის დღეების დასკვნით ღონისძიებაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი, რომელმაც პრეზიდენტსა და დიპლომატებს იმ ღონიძიებების მთავარი თემების შესახებ ესაუბრა, რომელიც ,,სვანეთის დღეების“ ფარგლებში გაიმართა და რომელიც სვანური, ტრადიციული სამართლის ფორმებს ეხებოდა. „ჩვენი სასამართლო რეფორმის ფარგლებში, მედიატორის ინსტიტუტი საქართველოში ეხლა იდგამს ფეხს და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სვანეთის გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია და ჩვენ ყოველმხრივ ვეცდებით მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას და ამის სახე, რა თქმა უნდა, იქნება სწორედ სვანური გამოცდილება. ეს არის მხარე, სადაც არა მხოლოდ არსებობდა და დღემდე არსებობს მედიატორის ინსტიტუტი, არამედ ის ყველაზე დემოკრატიულიცაა, რადგან ტრადიციულად მასში ქალებიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ. მედიატორი ქალები ტოლს არ უდებდნენ მედიატორ კაცებს და ამ მხრივ, სვანეთი, საქართველოს ყველაზე გამორჩეული მხარეა, თავისი მდიდარი თანასწორუფლებიანობის ტრადიციით“, - განაცხადა კოტე ნაცვლიშვილმა. გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისათვის და ელჩებს სვანეთსა და რეგიონებში განხორციელებული ერთობლივი პროექტებისათვის. „დღეს ფოკუსი სვანეთზე გვაქვს, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საკულტო და ცნობილ რეგიონზე. მინდა, სამ საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი - ჩვენი ინვესტირების მნიშვნელობა ადამიანებსა და რეგიონულ საზოგადოებებში. ჩვენ შეგვიძლია ინვესტირება უნარებში, მცირე ბიზნესში, მეწარმეობაში, რათა დავეხმაროთ, მათ ჰქონდეთ მეტად ბალანსირებული ზრდა, გარკევული სამუშაოები განვახორციელეთ შვეიცარიასთან და ევროკავშირთან ერთად, ინვესტირება მესტიის ვეტერინარიულ ცენტრში, კოლეჯ ,,თეთნულდში“. ეს ორივე პროექტი სვანეთშია, ჩვენ იქ კურსები გვაქვს, რითაც საშუალებას ვაძლევთ ადგილობრივებს სოფლის მეურნეობისა და ეკოტურიზმის მიმართულებით განვითარდნენ. როდესაც ჩვენ დიდ ბრიტანეთში, ამერიკასა და ევროპაში ვათვალიერებთ ყველაზე ფეშენებელურ ტურისტულ ჟურნალებს, საქართველო ყოველთვის მთავარ გვერდებზეა. აქ ძალიან დიდი პოტენციალია, არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების, არამედ ეკოტურიზმის კუთხითაც, რაც უნიკალური მიმართულებაა და საქართველოს ტურიზმს მართლაც განსხვავებულად წარმოაჩენს. მეორე საკითხი, ეხება ხელისუფლების როლს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობას, კონკრეტულად, დეცენტრალიზაციის მიმართულებით. ზოგჯერ ვისმენთ არგუმენტს, ჯერ უნდა დავიცადოთ, სანამ ამის შესაძლებლობა შეიქმენა. ვფიქრობ, რომ ეს არც არასდროს მოხდება თუკი ჩვენ არ შევქმნით ფიზიკურ დეცენტრალიზაციას. უნდა გავწიოთ გარკვეული რისკები, თუ გვინდა, რომ ჯილდოც მივიღოთ. ასე მუშაობს ეს როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორშიც. თუ ჩვენ შეგვიძლია დეცენტრალიზაციის გზების განვითარება, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ სვანეთს, სხვა რეგიონებს, რომ უფრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდნენ. ბოლო საკითხი, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტციების გაძლიერებაა, დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანების უფლებების განვითარება ყველასათვის, მათ შორის ყველა რეგიონში, ყველა საზოგადოებისათვის. საქართველოს ტოლერანტობის, ინკლუზიის კეთილშობილი და საამაყო ტრადიცია აქვს, იქნება ეს ეთნიკური, ლინგვისტური, თუ რელიგიური თვალსაზერისით. ჩვენ შეგვიძლია ამის გამოყენება ჩვენი განვითაერებისათვის ერთობლივად სამუშაოდ, გოგონებისა და ქალების ინკლუზიის და ასევე სექსუალური უმცირესობების ინკლუზიის კუთხითაც. როცა საზოგადოებები ერთად იყრიან თავს, ისინი უფრო ძლიერები და ეფექტიანები ხდებიან ეკონომიკური თუ სოციალური კუთხით. ეს ქმნის უფრო წარმატებული განვითარების გზას, როგორც სვანეთისთვის, ისე საქართველოს ყველა რეგიონისათვის“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას. საქართველო არ არის მხოლოდ დედაქალაქი -  საქართველო მისი ულამაზესი რეგიონებიცაა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეგიონულ განვითარებას სხვადასხვა პროექტებით, განსაკუთრებით სოფლად და სხვადასხვა თემში და ნამდვილად ვამაყობთ, რომ ვხედავთ მათ წინსვლას, ცხოვრების დონის ამაღლებას და ასევე რეგიონების ევროკავშირთან კავშირს, იმ სხვადასხვა პროექტის საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ“, - განაცხადა ელჩმა. როგორც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მარია ქრისტინა ვან კოლდამმა განაცხადა, მან ბევრი რამ გაიგო სვანეთის რეგიონისა და მედიაციის დიდი ტრადიციის შესახებ. „ამ ბოლო დროს ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეგიონების, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის მრავალფეროვნებამ და ეს მრავალფეროვნება ძალიან კარგად მუშაობს ქვეყნისთვის, რადგან თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ისწავლოთ ერთმანეთისგან და ნიდერლანდები მონდომებულია საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაში“, - განაცხადა ელჩმა. პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში, პირველად საქართველოს პრეზიდენტის სასახლის სივრცე მთლიანად დაეთმობა საქართველოს ყველა რეგიონს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება წარმოადგინოს საკუთრი საქმიანობა, ადგილობრივი პროდუქცია, ხელოვანთა ნამუშევრები, თვითშემოქმედებითი ანსამბლები და მიღწევები. 21 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იყო.