ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა, „სვანეთის დღეებზე“ დიპლომატებს უმასპინძლა

ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული მასალა - ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის გამოფენა დაათვალიერებინა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„სვანეთის დღეები“, მომღერალ სოფიო გელოვანის კონცერტით, საზეიმოდ დაიხურა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „სვანეთის დღეების" მონაწილეებს - სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობას, რომელმაც სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლეში საკუთარი რეგიონი წარადგინეს და ასევე, პროექტის ორგანიზატორებს.

„მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ჩვენს ყველა სტუმარს. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გიორგობა და მინდა ორი სიტყვით მადლობა ვუთხრა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო პირველ მცდელობაში, რომ ჩვენ რეგიონებიდან ორბელიანების სასახლეში ჩამოვიყვანოთ ჩვენი თანამემამულეები და დავუთმოთ ეს სასახლე.

მინდა, პირადად კოტე ნაცვლიშვილს, ნინიკო ტაბიძეს, იაგო წიკლაურს ვუთხრა მადლობა ამ ყველაფრის მოწყობისთვის. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან ეს პირველი ასეთი მცდელობაა. მინდა, ცხადია, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩამოვიდა სვანეთიდან და ვინც გაგვახარა ამ დღეებში. ეს არის პირველი, ჩვენ ვაგრძელებთ და ძალიან ბევრი ასეთი სიახლე გვექნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„სვანეთის დღეების დასკვნით ღონისძიებაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი, რომელმაც პრეზიდენტსა და დიპლომატებს იმ ღონიძიებების მთავარი თემების შესახებ ესაუბრა, რომელიც ,,სვანეთის დღეების“ ფარგლებში გაიმართა და რომელიც სვანური, ტრადიციული სამართლის ფორმებს ეხებოდა.

„ჩვენი სასამართლო რეფორმის ფარგლებში, მედიატორის ინსტიტუტი საქართველოში ეხლა იდგამს ფეხს და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სვანეთის გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია და ჩვენ ყოველმხრივ ვეცდებით მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას და ამის სახე, რა თქმა უნდა, იქნება სწორედ სვანური გამოცდილება. ეს არის მხარე, სადაც არა მხოლოდ არსებობდა და დღემდე არსებობს მედიატორის ინსტიტუტი, არამედ ის ყველაზე დემოკრატიულიცაა, რადგან ტრადიციულად მასში ქალებიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ. მედიატორი ქალები ტოლს არ უდებდნენ მედიატორ კაცებს და ამ მხრივ, სვანეთი, საქართველოს ყველაზე გამორჩეული მხარეა, თავისი მდიდარი თანასწორუფლებიანობის ტრადიციით“, - განაცხადა კოტე ნაცვლიშვილმა.

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისათვის და ელჩებს სვანეთსა და რეგიონებში განხორციელებული ერთობლივი პროექტებისათვის.

„დღეს ფოკუსი სვანეთზე გვაქვს, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საკულტო და ცნობილ რეგიონზე. მინდა, სამ საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი - ჩვენი ინვესტირების მნიშვნელობა ადამიანებსა და რეგიონულ საზოგადოებებში. ჩვენ შეგვიძლია ინვესტირება უნარებში, მცირე ბიზნესში, მეწარმეობაში, რათა დავეხმაროთ, მათ ჰქონდეთ მეტად ბალანსირებული ზრდა, გარკევული სამუშაოები განვახორციელეთ შვეიცარიასთან და ევროკავშირთან ერთად, ინვესტირება მესტიის ვეტერინარიულ ცენტრში, კოლეჯ ,,თეთნულდში“.

ეს ორივე პროექტი სვანეთშია, ჩვენ იქ კურსები გვაქვს, რითაც საშუალებას ვაძლევთ ადგილობრივებს სოფლის მეურნეობისა და ეკოტურიზმის მიმართულებით განვითარდნენ. როდესაც ჩვენ დიდ ბრიტანეთში, ამერიკასა და ევროპაში ვათვალიერებთ ყველაზე ფეშენებელურ ტურისტულ ჟურნალებს, საქართველო ყოველთვის მთავარ გვერდებზეა.

აქ ძალიან დიდი პოტენციალია, არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების, არამედ ეკოტურიზმის კუთხითაც, რაც უნიკალური მიმართულებაა და საქართველოს ტურიზმს მართლაც განსხვავებულად წარმოაჩენს. მეორე საკითხი, ეხება ხელისუფლების როლს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობას, კონკრეტულად, დეცენტრალიზაციის მიმართულებით.

ზოგჯერ ვისმენთ არგუმენტს, ჯერ უნდა დავიცადოთ, სანამ ამის შესაძლებლობა შეიქმენა. ვფიქრობ, რომ ეს არც არასდროს მოხდება თუკი ჩვენ არ შევქმნით ფიზიკურ დეცენტრალიზაციას. უნდა გავწიოთ გარკვეული რისკები, თუ გვინდა, რომ ჯილდოც მივიღოთ. ასე მუშაობს ეს როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორშიც. თუ ჩვენ შეგვიძლია დეცენტრალიზაციის გზების განვითარება, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ სვანეთს, სხვა რეგიონებს, რომ უფრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდნენ.

ბოლო საკითხი, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტციების გაძლიერებაა, დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანების უფლებების განვითარება ყველასათვის, მათ შორის ყველა რეგიონში, ყველა საზოგადოებისათვის. საქართველოს ტოლერანტობის, ინკლუზიის კეთილშობილი და საამაყო ტრადიცია აქვს, იქნება ეს ეთნიკური, ლინგვისტური, თუ რელიგიური თვალსაზერისით. ჩვენ შეგვიძლია ამის გამოყენება ჩვენი განვითაერებისათვის ერთობლივად სამუშაოდ, გოგონებისა და ქალების ინკლუზიის და ასევე სექსუალური უმცირესობების ინკლუზიის კუთხითაც.

როცა საზოგადოებები ერთად იყრიან თავს, ისინი უფრო ძლიერები და ეფექტიანები ხდებიან ეკონომიკური თუ სოციალური კუთხით. ეს ქმნის უფრო წარმატებული განვითარების გზას, როგორც სვანეთისთვის, ისე საქართველოს ყველა რეგიონისათვის“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას. საქართველო არ არის მხოლოდ დედაქალაქი -  საქართველო მისი ულამაზესი რეგიონებიცაა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეგიონულ განვითარებას სხვადასხვა პროექტებით, განსაკუთრებით სოფლად და სხვადასხვა თემში და ნამდვილად ვამაყობთ, რომ ვხედავთ მათ წინსვლას, ცხოვრების დონის ამაღლებას და ასევე რეგიონების ევროკავშირთან კავშირს, იმ სხვადასხვა პროექტის საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ“, - განაცხადა ელჩმა.

როგორც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მარია ქრისტინა ვან კოლდამმა განაცხადა, მან ბევრი რამ გაიგო სვანეთის რეგიონისა და მედიაციის დიდი ტრადიციის შესახებ.

„ამ ბოლო დროს ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეგიონების, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის მრავალფეროვნებამ და ეს მრავალფეროვნება ძალიან კარგად მუშაობს ქვეყნისთვის, რადგან თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ისწავლოთ ერთმანეთისგან და ნიდერლანდები მონდომებულია საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაში“, - განაცხადა ელჩმა.

პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში, პირველად საქართველოს პრეზიდენტის სასახლის სივრცე მთლიანად დაეთმობა საქართველოს ყველა რეგიონს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება წარმოადგინოს საკუთრი საქმიანობა, ადგილობრივი პროდუქცია, ხელოვანთა ნამუშევრები, თვითშემოქმედებითი ანსამბლები და მიღწევები.

21 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იყო.