თეგი: ორმაგი მოქალაქეობა

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რუსეთი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას ამარტივებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას შეხვდა. სააგენტო Apsnypress-ის ცნობით, მხარეებმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ, შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული პროცედურის შემოღებას ითვალიწინებს. მანამდე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა არ იცვლება. Apsnypress-ის ცნობითვე, ხელშეკრულება ასევე სამხედრო სამსახურსაც ეხება. „პირები, რომლებიც ორივე მხარის მოქალაქეები არიან, სამხედრო სამსახურს გაწვევის დროს ასრულებენ იმ მხარეში, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ“, - ნათქვამია დოკუმენტში. ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აფხაზეთთან, 9 სექტემბერს გახდა ცნობილი.  

უკრაინა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა სიას 5-დან 29 ქვეყანამდე აფართოებს

უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომლითაც შესწორებები შევიდა იმ სახელმწიფოების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც  ორმაგი მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. სიას დაემატა რუმინეთი და მრავალი სხვა სახელმწიფო. ცვლილებამდე სიაში მხოლოდ ხუთი სახელმწიფო შედიოდა — კერძოდ, სიაში იყვნენ კანადა, გერმანია, პოლონეთი, აშშ და ჩეხეთი. ახალ სიაში, თავდაპირველი ხუთი სახელმწიფოს გარდა, შედიან ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია და შვედეთი. ახალი რეგულაციების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს მეორე მოქალაქეობის მიღება უკრაინის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე შეუძლიათ. ის ასევე საშუალებას აძლევს ამ სახელმწიფოების ეთნიკურ უკრაინელებს გამარტივებული პროცედურის მეშვეობით გახდნენ უკრაინის მოქალაქეები. როგორც რუმინული მედია წერს, მოქალაქეობასთან დაკავშირებული წინა კანონი უკმაყოფილებას იწვევდა რუმინულ თემში, რომელიც უკრაინაში სიდიდით მესამე ეთნიკური ჯგუფია.