რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას შეხვდა.
სააგენტო Apsnypress-ის ცნობით, მხარეებმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ, შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული პროცედურის შემოღებას ითვალიწინებს. მანამდე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა არ იცვლება.
Apsnypress-ის ცნობითვე, ხელშეკრულება ასევე სამხედრო სამსახურსაც ეხება.
„პირები, რომლებიც ორივე მხარის მოქალაქეები არიან, სამხედრო სამსახურს გაწვევის დროს ასრულებენ იმ მხარეში, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აფხაზეთთან, 9 სექტემბერს გახდა ცნობილი.