თეგი: პრინცი ჰარი
პრინცი ჰარი: მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინის გარშემო
სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ ჰააგაში, Invictus Games-ის გახსნის ღონისძიებაზე, უკრაინელი მოასპარეზეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინის გარშემო. „თქვენ იცით, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. მსოფლიო გაერთიანებულია თქვენ გარშემო და მაინც, თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ. თქვენ განაცხადეთ, რომ შემოუერთდით ამ გლობალურ სცენას შემოუერთდით არა უბრალოდ იმისთვის, რომ თქვენი ძალა გეჩვენებინათ, არამედ, გეთქვათ სიმართლე იმის შესახებ, რაც ხდება თქვენს ქვეყანაში“, - მიმართა პრინცმა ჰარიმ უკრაინელებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ჯუანშერ ბურჭულაძემ „ძლიერთა თამაშების“ ტურნირის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა პრინც ჰარისთან განიხილა - თავდაცვის სამინისტრო
ჰააგაში მიმინარე „ძლიერთა თამაშების“ მიმდინარეობისას, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგს, პრინც ჰარის შეხვდა და სამომავლოდ ტურნირის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰერცოგი ჰარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებს გაესაუბრა და მათი აზრი მოისმინა, თუ რა გავლენას ახდენს „ძლიერთა თამაშები“ დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესსა და მათ მოტივაციაზე. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა სამხედროებმა რამდენიმე მედალი უკვე მოიპოვეს. ალექსი ბერუაშვილმა 1500 მ სირბილში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ლენდროვერ ჩელენჯში კი, მურთაზ ოსეფაიშვილი და ონისე ჯუღელი მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მიიღეს. „ძლიერთა თამაშები“ გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. 16-აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. თავდაცვის სამინისტროს გუნდი მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდ როვერის შეჯიბრი. სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება გაიარეს წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, თბილისის პარაგანვითარების ცენტრში, უწყების სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში. დაჭრილ-დაშავებულთა გუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია. 2014 წელს, ლონდონში, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2016 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი), უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო ვერცხლის მედალი, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, კანადასა და ავსტრალიაში, მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო.