თეგი: ჟან-ივ ლე დრიანი

ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს მიმართ საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა

საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან დღეს გამართულ სატელეფონო საუბარს Twitter-ის პირად გვერდზე ეხმაურება. „ჩემს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოსადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას და მზაობას, დავეხმაროთ საქართველოს. აღნიშნული ასევე დავუდასტურე ჩემს მოლდაველ კოლეგასაც“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრისას, მინისტრებმა განიხილეს უკრაინის საკითხი. დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო,  ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის თანმიმდევრული და მტკიცე პასუხის მნიშვნელობას. განსაკუთრებული წუხილით აღინიშნა მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებული მსხვერპლი. ჟან-ივ ლე დრიანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთისა და ევროკავშირის ძალისხმევას უკრაინაში ვითარების დე-ესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა უკრაინის და საქართველოს მიმართ ოფიციალური პარიზის სრული სოლიდარობა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველო იზიარებს და უერთდება ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების პოლიტიკურ განცხადებებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე  და იმ მძიმე შედეგებზე, რომლებსაც საქართველო დღემდე განიცდის საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო. მინისტრებმა გაიზიარეს პოზიცია, რომ აგრესია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რომ მძიმე შედეგების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც იმ დროს, ასევე საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მედიაციით შედგა. საუბრის დასასრულს, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგი კვლავაც გაგრძელდება და წლის მეორე ნახევარში თბილისი დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფორმატს უმასპინძლებს. 26 თებერვალს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ჯოზეფ ბორელსაც ესაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ოფიციალური ცნობით, შეხვედრების მთავარი თემები იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობი, ისევე როგორც რეგიონში არსებული რთული და მძიმე უსაფრთხოების გარემო. ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა „ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას კითხვართან დაკავშირებით. ვისაუბრებთ განაცხადისა და იმ პასუხების შესახებ, რომელიც ქართულმა მხარემ ძალიან ოპერატიულად და მოკლე დროში გასცა ევროკომისიის კითხვარს. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებზეც“, - განაცხადა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ბრიუსელში იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. საქართველო იყენებს ამ შესაძლებლობას და საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვედრები ექნება თავის კოლეგებთან საბჭოს სხდომის პარალელურად. „მნიშვნელოვანია, რომ სხვა შეხვედრებთან ერთად, მინისტრი შეხვედრას გამართავს თავის ფრანგ კოლეგასთან. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და ბუნებრივია, მასთან საუბარი და პოზიციების გაცვლა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.