საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ოფიციალური ცნობით, შეხვედრების მთავარი თემები იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობი, ისევე როგორც რეგიონში არსებული რთული და მძიმე უსაფრთხოების გარემო.
„ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას კითხვართან დაკავშირებით. ვისაუბრებთ განაცხადისა და იმ პასუხების შესახებ, რომელიც ქართულმა მხარემ ძალიან ოპერატიულად და მოკლე დროში გასცა ევროკომისიის კითხვარს. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებზეც“, - განაცხადა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა.
ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ბრიუსელში იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. საქართველო იყენებს ამ შესაძლებლობას და საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვედრები ექნება თავის კოლეგებთან საბჭოს სხდომის პარალელურად.
„მნიშვნელოვანია, რომ სხვა შეხვედრებთან ერთად, მინისტრი შეხვედრას გამართავს თავის ფრანგ კოლეგასთან. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და ბუნებრივია, მასთან საუბარი და პოზიციების გაცვლა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.