თეგი: რეჯეფ-თაიფ ერდოღანი

ერდოღანის თქმით, თურქეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეები ID ბარათებით მიმოსვლას შეძლებენ

ახალი შეთანხმების თანახმად, თურქეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეები ID ბარათებით მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ-თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინასა და თურქეთს შორის პირადობის მოწმობებით გადაადგილების შესახებ“, - განაცხადა ერდოღანმა სარაევოში გამართულ პრესკონფერენციაზე. ერდოღანმა განმარტა, რომ ID ბარათებით გადაადგილებაზე გადაწყვეტილება მალე ამოქმედდება. თავის მხრივ, ბოსნიური მხარის განმარტებით, თურქეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მეგობრული ურთიერთობები აქვთ, მათი ისტორიული და კულტურული კავშირები ძლიერია და აღნიშნა, რომ მათ სურთ, გააძლიერონ კავშირები ანკარასთან. ბოსნია და ჰერცეგოვინას სურს, გააფართოოს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა თურქეთთან ერთ მილიარდ დოლარამდე.

ერდოღანის აქციის შემდეგ, ისრაელმა თავის დიპლომატებს თურქეთის დატოვება უბრძანა

სტამბოლში ისრაელის საწინააღდმეგო აქციის შემდეგ, ისრაელი თურქეთიდან დიპლომატებს გამოიხმობს. ისრაელმა განაცხადა, რომ თავის დიპლომატებს თურქეთიდან, "ურთიერთობების ხელახლა შეფასების მიზნით" გაიყვანს, რადგან პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აგრძელებს ებრაული სახელმწიფოს შეურაცხყოფას ღაზის სექტორში მისი ქმედებების გამო. „თურქეთის მძიმე განცხადებებიდან გამომდინარე, მე გავეცი ბრძანება დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების შესახებ, რათა ხელახლა შევაფასოთ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები,“ - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი. თავის მხრივ, AFP წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მოკლედ ვადით უნდა გაგრძელდეს.“ სტამბოლში გამართულ ხალხმრავალ აქციაზე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი ათწლეულების განმავლობაში სამხედრო დანაშაულებში დაადანაშაულა და ქვეყანას "ოკუპანტი" უწოდა. აქციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის ეხმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება, ახლა კი ღაზის სჭირდება ეს დახმარება, იტყობინება თურქული სააგენტო Anadolu.  ერდოღანის თქმით, ისინი, ვინც უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „ნიანგის ცრემლებს“ ღვრიან, დღეს ჩუმად უყურებენ „ღაზის სექტორში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს.“ თურქეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ისრაელის ხელისუფლება უკმაყოფილო იყო მისი სიტყვებით, რომ “ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია.  

ალიევი თურქეთში: თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, ევრაზიისთვის

თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევრაზიისთვის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრადიციისამებრ, ის კიდევ ერთხელ, პირველად, მოძმე თურქეთს ეწვია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. „ბუნებრივია, დღეს გაჩნდა ახალი შესაძლებლობები თავდაცვის ინდუსტრიაში. ამ საკითხზე ფართო დისკუსია გაიმართა და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. Anadolu-ს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ისევე როგორც ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ მოვლენებსაც განიხილავდნენ. თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით, ალიევი თურქეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, კვირას, 18 თებერვალს, გვიან საღამოს ჩავიდა. ალიევი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ალიევი მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებიც გამართა. მან ზელენსკისთანაც გამართა შეხვედრა.  

ერდოღანი: „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა“

„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება,“ -  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. “დღეს დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება. ღვთის ნებით, ამ კატასტროფას მინიმალური დანაკარგებით გადავიტანთ. ღმერთმა შეინდოს ჩვენი დაღუპულები და მათთან ერთად ვართ ლოცვებში,” - განაცხადა ერდოღანმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მედიის ცნობით, საქართველოს საზღვართან ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ილჰამ ალიევმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა. ერდოღანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა უთხრა სატელეფონო ზარისთვის და გამოთქმული მწუხარებისთვის. „სატელეფონო საუბრის დროს აღინიშნა რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები კონტაქტში იმყოფებიან ინციდენტთან დაკავშირებით”, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა და დახმარება შესთავაზა საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის.