„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება,“ - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
“დღეს დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება. ღვთის ნებით, ამ კატასტროფას მინიმალური დანაკარგებით გადავიტანთ. ღმერთმა შეინდოს ჩვენი დაღუპულები და მათთან ერთად ვართ ლოცვებში,” - განაცხადა ერდოღანმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მედიის ცნობით, საქართველოს საზღვართან ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა.
ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.
ილჰამ ალიევმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა.
ერდოღანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა უთხრა სატელეფონო ზარისთვის და გამოთქმული მწუხარებისთვის.
„სატელეფონო საუბრის დროს აღინიშნა რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები კონტაქტში იმყოფებიან ინციდენტთან დაკავშირებით”, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა და დახმარება შესთავაზა საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის.