თეგი: სადეპუტატო მანდატი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხი კენჭისყრაზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დააყენეს. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შალვა ნათელაშვილისგან განსხვავებით, ელენე ხოშტარიას თავად არ სურს საპარლამენტო საქმიანობა და მანდატის შეწყვეტას თავად ითხოვს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ამ პოზიციის მიუხედავად, ელენე ხოშტარიას საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ განეხილათ, თავად ხოშტარიასთვის მიემართათ და შემდეგ სხდომაზე მომხდარიყო საკითხზე მსჯელობა.
საქართველოს პრეზიდენტი: შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ვეთანხმები
საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე წერს და აღნიშნავს, რომ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ეთანხმება. „დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. 7 თებერვალს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 15 თებერვალს უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. არასამთავრობოების შეფასებით, „ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს“. „საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება. ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“მიერ 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე: შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა
ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად. ამის შესახებ კარლ ჰარცელი ოპოზიციონერების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით აცხადებს. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. 15 თებერვალს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
კარლ ჰარცელი: მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მედიასთან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. კარლ ჰარცელს მმართველი გუნდის წარმომადგენლის განცხადებების შეფასება სთხოვეს. „ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მეორე - ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ, პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ინკლუზიური, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგები, როგორ აისახება შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე, მათ შორის ფრაქციების დაკომპლექტებაზე და ა.შ.“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. 15 თებერვალს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე: შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა 17 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ევროკავშირის ელჩის შეფასებას დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე: „არც ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად... არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები“.