კარლ ჰარცელი: მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მედიასთან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. კარლ ჰარცელს მმართველი გუნდის წარმომადგენლის განცხადებების შეფასება სთხოვეს.

„ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მეორე  - ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ, პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ინკლუზიური, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგები, როგორ აისახება შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე, მათ შორის ფრაქციების დაკომპლექტებაზე და ა.შ.“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.


15 თებერვალს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე: შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა

17 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ევროკავშირის ელჩის შეფასებას დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე: „არც ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად... არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები“.