თეგი: საელჩოები
NATO-ს კიევიდან პერსონალი გაჰყავს
NATO უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლებს უკრაინის დედაქალაქიდან გაიყვანს. იტყობინება Reuters-ი NATO-ს ოფიციალური პირზე დაყრდნობით. გადაწყვეტილება პირველად ნორვეგიულმა გაზეთმა VG-მ გაავრცელა. „ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია, ამიტომ პერსონალი გადაიყვანეს ლვოვსა და ბრიუსელში. უკრაინაში NATO-ს ოფისები ფუნქციონირებს“, - განუცხადა Reuters-ს ოფიციალურმა პირმა, თუმცა არ დააკონკრეტა მათი რაოდენობა და პოზიციები. ეს ნაბიჯი მოჰყვა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის შესახებ. რამდენიმე სხვა ქვეყანამ ასევე გადაიყვანა დიპლომატები დედაქალაქიდან. უკრაინაში NATO-ს ოფისები მუშაობას განაგრძობენ.
საელჩოები: ვერთიანდებით ადამიანის უფლების დასაცავად, რათა ყველამ შეძლოს, იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად, თავისუფალ და თანასწორ გარემოში
„აუცილებელია გადამწყვეტი ქმედება საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად“, - ამ შინაარსის ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ხორვატიის საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. „ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. ლგბტქი+ ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. თემის წარმომადგენლები აწყდებიან დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომლის შესახებ ინფორმაცია ხშირად ცნობილიც კი არაა, ხოლო მათი უფლებების დაცვა და რეალიზება კვლავაც გამოწვევად რჩება. ვწუხვართ, რომ ისევე როგორც წინა წლებში, უსაფრთხოების მოსაზრებები ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეებს ღიად გამოხატონ სოლიდარობა ლგბტქი+ თემის მიმართ და ხმა აიმაღლონ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ IDAHOBIT, მათი უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვით. ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რომ 2021 წლის 5 ივლისის სამარცხვინო მოვლენების, ღირსების მარშის ჩაშლისა და ლგბტქი+ პირებისა და მედიის მიმართ განხორცილებული ძალადობის რამდენიმე მონაწილეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაასამართლოს ძალადობის ყველა წამქეზებელი და ჩამდენი პირი. ამავდროულად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა მზარდი რაოდენობა მხარს უჭერს მრავალფეროვნებას და მიაჩნია, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. უახლესი მონაცემებით, საქართველოში მუდმივად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ ლგბტქი+ თემებისთვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას და თვლიან, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი+ პირების მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციაზე. სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე აღნიშნულ სოციალურ ცვლილებას. ლგბტქი+ უფლებები ეფექტურად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით. ასევე აუცილებელია სოციალური დაცვის გაძლიერება და ლგბტქი+ თემის მოწყვლადი წარმომადგენელების მხარდაჭერა ისეთ მტკივნეულ საკითხებში, როგორიცაა სასურსათო დაუცველობა, უსახლკაროდ დარჩენის მზარდი რისკი და ჯანდაცვის სერვისზე წვდომის სირთულეები. მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში არ დაიშურონ ძალისხმევა დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო გამოსვლებისა და ლგბტქი+ თემებთან კონსტრუქციული დიალოგის გზით, ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების გადასაწყვეტად. ვერთიანდებით ადამიანის უფლების დასაცავად, რათა ყველამ შეძლოს, იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად, თავისუფალ და თანასწორ გარემოში, და ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, რომელიც გააძლიერებს და დაიცავს მის ყველა წევრს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში, უკრაინის საელჩოებმა მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის დიპლომატიურმა მისიებმა ევროპის 7 ქვეყანაში მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს. დმიტრო კულება: მუქარის შემცველი წერილები უკრაინის კიდევ ორ საელჩოში მიიღეს „ესპანეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, ავსტრიაში, გენერალურ საკონსულოებში [იტალიის] ნეაპოლში და [პოლონეთის] კრაკოვში, საკონსულოში [ჩეხეთში] ბრნოში სისხლიანი პაკეტები მიიღეს, რომლებშიც ცხოველის თვალები იყო. თავად ჩანთები დამახასიათებელი ფერის სითხეში იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. ჩვენ ვსწავლობთ ამ გზავნილის მნიშვნელობას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება მიიჩნევს, რომ „უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების ტერორისა და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია მიმდინარეობს". „ვერ შეაჩერებენ უკრაინას დიპლომატიურ ფრონტზე, ისინი ცდილობენ ჩვენს დაშინებას. თუმცა, დაუყოვნებლივ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მცდელობები უშედეგოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. პირველ დეკემბერს კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის სამმა საელჩომ „სიმბოლური მუქარის“ წერილები მიიღო. მისი თქმით, კონვერტები „წითელი სითხით იყო გაჟღენთილი“. 30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა. ესპანეთში უკრაინის ელჩმა სერგეი პოგორელცევმა განაცხადა, რომ ამ გზავნილის უკან შესაძლოა, რუსეთი იყოს.
მუქარის შემცველი გზავნილები უკრაინელმა დიპლომატებმა ისევ მიიღეს
ესპანურმა პოლიციამ 5 დეკემბერს ამოიღო დიპლომატებისთვის განკუთვნილი სამი კონვერტი, რომლებიც სავარაუდოდ, ცხოველების თვალებს შეიცავდა. კერძოდ, საეჭვო გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოში მადრიდში, გენერალურ საკონსულოში ბარსელონაში და ასევე საკონსულოში, მალაგაში. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გააკეთა. ნიკოლენკოს თქმით, საერთო ჯამში, 12 ქვეყანაში უკრაინის დიპლომატიურ მისიებზე 21 „თავდასხმა“ დაფიქსირდა. „ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტიან მუშაობას უკრაინის მტრისგან დასაცავად და ჩვენი გამარჯვებისთვის“, - განმარტა სპიკერმა. დმიტრო კულება: მუქარის შემცველი წერილები უკრაინის კიდევ ორ საელჩოში მიიღეს სისხლით შეღებილი პაკეტები ცხოველის თვალებით მანამდე გადაეცა უკრაინის საელჩოებს ესპანეთში, უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიასა და ავსტრიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე, საკონსულოში ბრნოში. მსგავსი ამანათები მიიღეს აშშ-ის საელჩოში მადრიდში, ასევე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა. ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში, უკრაინის საელჩოებმა მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს
საელჩოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ
საელჩოები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა. ასევე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. შესაბამის ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის საელჩოები, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. „ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT) კიდევ ერთხელ მივესალმებით მრავალფეროვნებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა. ჩვენ მივესალმებით საქართველოში უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაძლიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას – 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები.[1] ასევე მივესალმებით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვას, რასაც 2014 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ჩვენ ვაღიარებთ სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად. თუმცა გვაშფოთებს, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა. ახლად მიღებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები, კერძოდ, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია, არ შეიცავს მექანიზმებს ლგბტქი+ პირთა დაცვისა და ჩართულობის გაძლიერებისთვის. ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების მეტად შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ, მათ შორის 2021 წლის ივლისის პრაიდ კვირეულის დროს, ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა. ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება. საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, რომელშიც ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები, ჩვენ მზად ვართ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნულია განცხადებაში. 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისის ლგბტ აქციის დარბევის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.