თეგი: საპარლამენტო დელეგაცია

ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება

ცნობილია, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც საქართველოდან უკრაინაში მიემგზავრება. დელეგაციას პრლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. უკრაინაში, ვიზიტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: მმართველი გუნდიდან - არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია, ოპოზიციიდან კი ლევან იოსელიანი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და ანა ნაცვლიშვილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ უკრაინაში წასვლაზე უარი თქვეს. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა.  მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია  

საქართველოს დღეს ლატვიის პარლამენტის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშსპეციალური მოწვევით, დღეს ლატვიის პარლამენტის (საეიმა) საპარლამენტო დელეგაცია, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ულდის ბუდრიკისის ხელმღვანელობით საქართველოს ეწვევა. პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ ლატვიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა, განსაკუთრებით კი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ლატვიის დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისთან. ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისი და საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლივა კრეიტუსე.  

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას. სესიის ფარგლებში დებატები პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოსდაცვის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების შესახებ გაიმართება. ასამბლეის წევრები, ასევე, უკრაინასა და მის გარშემო შექმნილ ვითარებაზე და ეუთოს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების სხვა გამოწვევებზე იმსჯელებენ. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები, პლენარულ და კომიტეტების სხდომებში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მიმდინარე წლის 2-6 ივლისს ბირმინგემში, გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.  

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაე ჩიუკასთან. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, აღნიშნულის გავლენა შავი ზღვის რეგიონის და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე. „რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქყეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების და გაღრმავების მნიშვნელობა. ქართული მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი“,-აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.  

საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა სამხრეთ აფრიკის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერთან ნა მასონდოსთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და პარლამენტში მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელობასთან. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ვაჭრობა, ტურიზმი, რეფორმები, სოფლის მეურნეობა, სპორტი და განათლება. საგარეო კომიტეტთან შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ აფრიკელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე, არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. სამხრეთ აფრიკულმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა სამხრეთ აფრიკის პარლამენტის პროვინციების ეროვნული საბჭოს სპიკერს ნა მასონდოს და მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელობას სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით. სამხრეთ აფრიკელი კანონმდებლები დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯებით და ზოგადად, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებით, რაზეც მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის სხვა წევრებმა. სამხრეთ აფრიკელმა კანონმდებლებმა საქართველოში სტუმრობის  სურვილი გამოთქვეს, რათა ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს კორუფციასთან ბრძოლის, სიღარიბის შემცირების, საზღვრის მართვის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროებში. „ამ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია, რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტუმრობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, რომელიც კონტინენტზე წამყვანი სახელმწიფოა.  გვქონდა საინტერესო შეხვედრები სამხრეთ აფრიკელ კანონმდებლებთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი კავშირების გაძლიერების სხვადასხვა გზები. გამოიკვეთა ბევრი მიმართულება, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის გაძლიერება და ურთიერთსასარგებლო შედეგების მიღება. სამხრეთ აფრიკული მხარე განსაკუთრებით დაინტერესებულია საქართველოში განხორციელებული რეფორმებით და მომავალში ვგეგმავთ, რომ ვუმასპინძლოთ მათ თბილისში და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ასევე მივიღეთ დადასტურება იმისა რომ სამხრეთ აფრიკა ერთგული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით იმყოფება სამხრეთ აფრიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპტაუნში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა, პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი.