თეგი: საპატრულო პოლიცია
ვახტანგ გომელაური: საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში გაფართოვდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოქმედების არეალი
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საპატრულო პოლიციაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება განახლების, გადაიარაღებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები. როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახვეწა და გააუმჯობესა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების მიწოდება. „უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საპატრულო პოლიციაში მთელი რიგი განახლების, გადაიარაღების და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები. 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახვეწა და გააუმჯობესა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების მიწოდება; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შეიძინა ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა, კერძოდ: გრაფიკულ სამუშაოებზე ადაპტირებული კომპიუტერული მოწყობილობები, ვიდეოკამერები, ალკომეტრები და შესაბამისი სასერვერო უზრუნველყოფა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის პროცესის გაციფრულებისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის ამოქმედების მიზნით, შეიქმნა და საპილოტე რეჟიმში დაინერგა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვისელექტრონული ბარათები შემუშავებულია ევროკავშირის კადასის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. ელექტრონული პლატფორმა უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების GPS -კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციას. საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს ერთიანი მომსახურების ცენტრი გორში, ასევე იგეგმება საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრების მოწყობა ბათუმში", - განაცხადა გომელაურმა.
მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარიდან ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს და მისივე ინფორმაციით, დაღუპული, შუახნის ქალია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო დახმარების ეკიპაჟები. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
პროკურატურის ცნობით, მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიების თანახმად, 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპოლიციო ღონისძიების, დევნის პროცესში შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.