შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საპატრულო პოლიციაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება განახლების, გადაიარაღებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები.
როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახვეწა და გააუმჯობესა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების მიწოდება.
„უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საპატრულო პოლიციაში მთელი რიგი განახლების, გადაიარაღების და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები. 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახვეწა და გააუმჯობესა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების მიწოდება; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შეიძინა ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა, კერძოდ: გრაფიკულ სამუშაოებზე ადაპტირებული კომპიუტერული მოწყობილობები, ვიდეოკამერები, ალკომეტრები და შესაბამისი სასერვერო უზრუნველყოფა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის პროცესის გაციფრულებისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის ამოქმედების მიზნით, შეიქმნა და საპილოტე რეჟიმში დაინერგა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის
ელექტრონული ბარათები შემუშავებულია ევროკავშირის კადასის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. ელექტრონული პლატფორმა უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების GPS -კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციას. საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს ერთიანი მომსახურების ცენტრი გორში, ასევე იგეგმება საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრების მოწყობა ბათუმში", - განაცხადა გომელაურმა.