თეგი: სარჩელი
კალიფორნიის სასამართლომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ (Netflix) შუამდგომლობა ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Variety სტატიას აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სტატიის თანახმად, Netflix საქმის წარმოების შეწყვეტას ცდილობს და ამტკიცებს, რომ სერიალი მხატვრული ნამუშევარია, ხოლო აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება გამოხატვის თავისუფლების შესახებ კინოხელოვანებს ფართო მხატვრულ უფლებებს ანიჭებს. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ნაწარმოების შექმნისას ჭადრაკის ორ ექსპერტს ეყრდნობოდნენ და სერიალის შემქმნელებს არ სურდათ ნონა გაფრინდაშვილის შეურაცხყოფა. Netflix-ის დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ სერიალში მოსარჩლის ხსენება მიზნად ისახავდა მის აღიარებას და არა დამცირებას.
საკონსტიტუციო სასამართლო, პარლამენტის წინააღმდეგ ლონდა თოლორაიას სარჩელის განხილვას იწყებს
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია პარლამენტის წინააღმდეგ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის სარჩელების არსებით განხილვას იწყებს. პროცესი 18-20 მაისს გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციები: მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი ლონდა თოლორაია: ახლა ჩემი მიზანია, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანამდევ შედეგებს. ამასთანავე, სადავოდ არის გამხდარი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებითა და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნით გამოწვეული საკანონმდებლო ცვლილებების ასახვა. "მოსარჩელეები სადავოდ ხდიან როგორც უშუალოდ თანამდებობის გაუქმების და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ასევე ინსტიტუციის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო დანაწესებს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულ უფლებას", - წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძე: როდესაც ლონდა თოლორაიას ვთავაზობთ თანამდებობას საჯარო სამსახურში, აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის პირველი სხდომა დისტანციურად ჩატარდება. ცნობისთვის, ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ 28 იანვარს დაარეგისტრირა. მოსარჩელე ითხოვს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. ცვლილებების თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. 2022 წლის პირველი მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები. 13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებულ კანონს ხელი მოაწერა. საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა.
სტრასბურგის სასამართლომ ბაჩანა ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა - იუსტიციის სამინისტრო
მიმდინარე წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე – „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ“ და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „მომჩივანი – ბაჩანა ახალაია სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ 2012-2014 წლებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა იყო უკანონო, რადგან პატიმრობის საერთო ვადა აღემატებოდა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადას – 9 თვეს. მომჩივანი აგრეთვე აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ და ემსახურებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) კონვენციის მე-18 მუხლთან (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები) ერთობლიობაში). ევროპული სასამართლოს შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივნის პატიმრობა იყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში არ ყოფილა გამოძიების განზრახ გაჭიანურება ან რაიმე თვითნებობა საგამოძიებო ორგანოს/პროკურატურის ან სასამართლოს მხრიდან. ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო სათანადოდ დასაბუთებული როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნებოდა მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების დადასტურებულ საფრთხეებს. რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიებს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აშკარად დაუსაბუთებელია, ასევე დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს მომჩივნის პოზიცია, თითქოს მისი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.