კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ (Netflix) შუამდგომლობა ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Variety სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სტატიის თანახმად, Netflix საქმის წარმოების შეწყვეტას ცდილობს და ამტკიცებს, რომ სერიალი მხატვრული ნამუშევარია, ხოლო აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება გამოხატვის თავისუფლების შესახებ კინოხელოვანებს ფართო მხატვრულ უფლებებს ანიჭებს.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ნაწარმოების შექმნისას ჭადრაკის ორ ექსპერტს ეყრდნობოდნენ და სერიალის შემქმნელებს არ სურდათ ნონა გაფრინდაშვილის შეურაცხყოფა. Netflix-ის დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ სერიალში მოსარჩლის ხსენება მიზნად ისახავდა მის აღიარებას და არა დამცირებას.