თეგი: საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი რუსული საგადახდო სისტემა MIR-ის საქართველოში გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს
საქართველოს ეროვნული ბანკი რუსული საგადახდო სისტემა MIR-ის საქართველოში გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს. ამასთან, სებ-ი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა - "MIR" - ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა.როგორც ეროვნული ბანკის განცხადებიდან ირკვევა, საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ MIR-ის ბარათების მომსახურების დაწყება კანონდარღვევას წარმოადგენს, რადგანაც ქვეყანაში მოქმედი ბანკებიდან არცერთი არ ემსახურება MIR-ის ბარათებს. ხოლო თუკი საქართველოში მოქმედ კომპანიას საგადახდო სერვისს გაუწევს საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია, ამით ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები დაირღვევა."კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ სისტემა "MIR" - ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს,"- განმარტავს ეროვნული ბანკი.
ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აფრთხილებს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილია ირანის ტერიტორიის სატრანზიტო კორიდორად გამოყენების შემშთხვევები და ანგარიშსწორებების ნაწილი შესაძლოა, აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევად ჩაითვალოს. საუბარია ირანის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებაზე. „ასეთი გარიგებები საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობების ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების განხორციელების შეფერხების რისკს წარმოშობს. აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვის მიზნით, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ირანთან დაკავშირებული პირების მიმართ გაატარონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, ასევე, განახორციელონ ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების გაძლიერებული მონიტორინგი და სანქციების დარღვევის რისკის არსებობის შემთხვევაში მსგავსი ტიპის ტრანზაქციები არ შეასრულონ", - წერია 13 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაში. კომერციული ბანკების ზედამხვედელი უწყება აცხადებს, რომ შემუშავდა დებულება, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დარღვევის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს: „აღნიშნული დოკუმენტის შესრულება სავალდებულოა ყველა კომერციული ბანკისთვის და მიზნად ისახავს საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული რისკების შემცირებასა და სანქციების რეჟიმთან შესაბამისობას. დამატებით, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან თავიანთი შიდა პოლიტიკა-პროცედურების თანახმად, კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმები გამოიყენონ".