საქართველოს ეროვნული ბანკი რუსული საგადახდო სისტემა MIR-ის საქართველოში გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს

საქართველოს ეროვნული ბანკი რუსული საგადახდო სისტემა MIR-ის საქართველოში გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს.

ამასთან, სებ-ი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა - "MIR" - ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებიდან ირკვევა, საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ MIR-ის ბარათების მომსახურების დაწყება კანონდარღვევას წარმოადგენს, რადგანაც ქვეყანაში მოქმედი ბანკებიდან არცერთი არ ემსახურება MIR-ის ბარათებს. ხოლო თუკი საქართველოში მოქმედ კომპანიას საგადახდო სერვისს გაუწევს საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია, ამით ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები დაირღვევა.

"კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ სისტემა "MIR" - ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს,"- განმარტავს ეროვნული ბანკი.