თეგი: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო

რა წერია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის სამუშაო დოკუმენტში

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა 6 სექტემბერს, ბრიუსელში გაიმართება. როგორ ასრულებს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომლებიც 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებით აიღო, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება. რადიო თავისუფლების ცნობით, ასოცირების საბჭოს სხდომის სამუშაო დოკუმენტში ჩამოთვლილია ის საკითხები, რომლებზეც ევროპელი დიპლომატები ქართულ დელეგაციას უნდა ესაუბრონ. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ასეთია - სათანადო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველო შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას „მოვუწოდოთ საქართველოს, უფრო ეცადოს დემოკრატიის კონსოლიდაციას და პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევას, გააძლიეროს კანონის უზენაესობა, მათ შორის სასამართლო და კორუფციასთან ბრძოლა, უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, რაც მოიცავს, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მედიის თავისუფლებასა და გენდერულ თანასწორობას. ეს აუცილებელი პრიორიტეტებია იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროპულ გზაზე”, - წერია დოკუმენტში. გარდა ამისა, რადიო თავისუფლების ცნობით დოკუმენტში წერია: სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი დეტალი მიანიშნებს, რომ სასამართლოები პოლიტიკურ ზეგავლენის ქვეშაა; მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი; ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შესამცირებლად და ქართულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საბრძოლველად, ევროკავშირთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობაა საჭირო; საქართველომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ადამიანის უფლებების დასაცავი სტრატეგია 2021-30 წლებისთვის, დაიცვას შრომითი უფლებები და უკეთ იმუშაოს უმცირესობების, მათ შორის ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვაზე; საქართველოს მოუწოდებენ, დაიწყოს "გულწრფელი დიალოგი" აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, იმუშაოს ადამიანებს შორის კონტაქტის და ნდობის გაძლიერებაზე. კონტექსტი რთულია, მაგრამ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია; საქართველოსგან მოელიან, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაეხმაროს რუსეთს ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლაში; საქართველო კარგად ართმევს თავს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს; ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს, ბოლომდე მიიყვანოს ყველა რეფორმა, რომელსაც მისგან ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება მიიღეს. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას. ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. „ხელშეკრულებების“ შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის ფაქტების კუთხით დაუსჯელობაზე. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას საქართველოს აღნიშნულ ორივე რეგიონში. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზების ორივე მხარეს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ახორციელებს რა ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას. ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად. ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, - გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში.