რა წერია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის სამუშაო დოკუმენტში

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა 6 სექტემბერს, ბრიუსელში გაიმართება.

როგორ ასრულებს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომლებიც 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებით აიღო, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება.

რადიო თავისუფლების ცნობით, ასოცირების საბჭოს სხდომის სამუშაო დოკუმენტში ჩამოთვლილია ის საკითხები, რომლებზეც ევროპელი დიპლომატები ქართულ დელეგაციას უნდა ესაუბრონ. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ასეთია - სათანადო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველო შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

„მოვუწოდოთ საქართველოს, უფრო ეცადოს დემოკრატიის კონსოლიდაციას და პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევას, გააძლიეროს კანონის უზენაესობა, მათ შორის სასამართლო და კორუფციასთან ბრძოლა, უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, რაც მოიცავს, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მედიის თავისუფლებასა და გენდერულ თანასწორობას. ეს აუცილებელი პრიორიტეტებია იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროპულ გზაზე”, - წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, რადიო თავისუფლების ცნობით დოკუმენტში წერია:

  • სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი დეტალი მიანიშნებს, რომ სასამართლოები პოლიტიკურ ზეგავლენის ქვეშაა;
  • მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი;
  • ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შესამცირებლად და ქართულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საბრძოლველად, ევროკავშირთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობაა საჭირო;
  • საქართველომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ადამიანის უფლებების დასაცავი სტრატეგია 2021-30 წლებისთვის, დაიცვას შრომითი უფლებები და უკეთ იმუშაოს უმცირესობების, მათ შორის ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვაზე;
  • საქართველოს მოუწოდებენ, დაიწყოს "გულწრფელი დიალოგი" აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, იმუშაოს ადამიანებს შორის კონტაქტის და ნდობის გაძლიერებაზე. კონტექსტი რთულია, მაგრამ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია;
  • საქართველოსგან მოელიან, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაეხმაროს რუსეთს ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლაში;
  • საქართველო კარგად ართმევს თავს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
  • ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს, ბოლომდე მიიყვანოს ყველა რეფორმა, რომელსაც მისგან ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს.