თეგი: სახელმწიფო მედია

პოლონეთის მთავრობამ სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობა გაათავისუფლა

პოლონეთის სახელმწიფო მედიის - საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ხელმძღვანელობა დაითხოვეს. PolsatNews-ი იტყობინება, მთავრობის განცხადების გამოქვეყნებიდან ერთ საათზე უფრო ნაკლებ დროში, მაუწყებლობა შეწყვიტეს ტელეარხებმა TVP Info-მ და TVP3-მ. TVPinfo-ს ვებგვერდი არ მუშაობს. ახალ მთავრობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო მედია პროპაგანდის საშუალებად იქცა ხელისუფლებაში პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ყოფნის რვა წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კოალიციამ პირობა დადო, შექმნას ახალი მასმედია, რომელსაც უფრო გაწონასწორებული მიდგომა ექნება. 20 დეკემბერს პოლონეთის სეიმმა მიიღო დადგენილება „სახელმწიფო მედიისა და პოლონეთის პრესის სააგენტოს სამართლებრივი წესრიგის, მიუკერძოებლობისა და ერთიანობის აღდგენის შესახებ“. დადგენილებას მხარი დაუჭირა 244-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 84, 16-მა თავი შეიკავა. დოკუმენტში სეიმმა ყველა სახელმწიფო ორგანოს მოუწოდა, მიიღოს საიმისო ზომები, რომ აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი მოქალაქეთა მხრიდან სწორ ინფორმაციაზე წვდომისა და სახელმწიფო მედიის ფუნქციონირების კუთხით. „სამართალი და სამართლიანობის“ პოლიტიკოსებმა მხარი არ დაუჭირეს გადაწყვეტილებას. ბევრი მათგანი, მათ შორის, პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი, ტელეარხ TVP-ის შენობასთან,  „დემოკრატიის დასაცავად“ გაემართა.  

პოლონეთში საზოგადოებრივი საინფორმაციო საშუალებების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო

პოლონეთში საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ამ პროცესის ინიციატორი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობაა. მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო მედია რვა წლის განმავლობაში გახდა ყოფილი მმართველი პარტიის „სამართლისა და სამართლიანობის“ პროპაგანდის ინსტრუმენტი. კულტურის სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ ფორმალური ლიკვიდაციის პროცესის დაწყება მედიას საშუალებას მისცემს, რესტრუქტურიზაციის პროცესში მუშაობა გააგრძელოს და შესაძლოა, აღარ გახდეს საჭირო ლიკვიდაცია. პოლონური მედიის ვარაუდით, საზოგადოებრივი მედია არ გაუქმდება, არამედ, ეს არის ახალი პროევროპული მთავრობის კიდევ ერთი ნაბიჯი საიმისოდ, რომ საზოგადოებრივმა ტელეარხმა, რადიომ და საინფორმაციო სააგენტომ თავი დააღწიონ „სამართლისა და სამართლიანობის“ გავლენას. დონალდ ტუსკის მომხრე საპარლამენტო კოალიციამ პირობა დადო, რომ შექმნიდა უფრო დაბალანსებული მიდგომის მქონე ახალ მედიასაშუალებებს. ცნობისთვის, მედიაში 21 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ პოლონეთის მთავრობამ სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობა გაათავისუფლა.