პოლონეთში საზოგადოებრივი საინფორმაციო საშუალებების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო

პოლონეთში საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ამ პროცესის ინიციატორი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობაა. მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო მედია რვა წლის განმავლობაში გახდა ყოფილი მმართველი პარტიის „სამართლისა და სამართლიანობის“ პროპაგანდის ინსტრუმენტი.


კულტურის სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ ფორმალური ლიკვიდაციის პროცესის დაწყება მედიას საშუალებას მისცემს, რესტრუქტურიზაციის პროცესში მუშაობა გააგრძელოს და შესაძლოა, აღარ გახდეს საჭირო ლიკვიდაცია. პოლონური მედიის ვარაუდით, საზოგადოებრივი მედია არ გაუქმდება, არამედ, ეს არის ახალი პროევროპული მთავრობის კიდევ ერთი ნაბიჯი საიმისოდ, რომ საზოგადოებრივმა ტელეარხმა, რადიომ და საინფორმაციო სააგენტომ თავი დააღწიონ „სამართლისა და სამართლიანობის“ გავლენას.


დონალდ ტუსკის მომხრე საპარლამენტო კოალიციამ პირობა დადო, რომ შექმნიდა უფრო დაბალანსებული მიდგომის მქონე ახალ მედიასაშუალებებს.

ცნობისთვის, მედიაში 21 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ პოლონეთის მთავრობამ სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობა გაათავისუფლა.