თეგი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გელა იობაშვილი თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. გელა იობაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. გელა იობაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გასული წლის 23 სექტემბერს გავრცელდა.საქართველოს ექვსი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში რჩება.
სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. „2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-ტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ აქტიურ წევრად და საიმედო პარტნიორად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა - სუს-ის 2022 წლის ანგარიში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა, რა განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა. ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს. უწყების თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ხელისშეშლის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გატარდა. „2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით", - ნათქვამია ანგარიშში. სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა. დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. მოსალოდნელია, რომ სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.
სუს-ი „საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეზე“, სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენასა და „არსებით გამოწვევაზე“ - ანგარიში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა. მოსალოდნელია, რომ სუს-ის ხელმძღვანელს რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ. მანამდე, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი - 2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები. ამასთან, უწყების ინფორმაციით, გასულ წელს არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა. კერძოდ, ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები. სუს-ის შეფასებით, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ. „კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმთან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა. გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოების ასობით მოქალაქეს - ვიზიტორთა ნაკადში ასევე, გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ და ღიად გამოხატავდნენ საქართველოს ინტერესების საზიანო განწყობებს. უწყების ინფორმაციით, ასევე, სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით, კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების დაფუძნების ფაქტები. „სამსახურის ხელთ არსებული და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე „ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, საანგარიშო წლის განმავლობაში, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოების ასობით მოქალაქეს. ვიზიტორთა ნაკადში ასევე გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ და ღიად გამოხატავდნენ საქართველოს ინტერესების საზიანო განწყობებს. მათ მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა - სუს-ის 2022 წლის ანგარიში სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით, კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოში დროებით მცხოვრები ოპერატიულად საყურადღებო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების დაფუძნების ფაქტები. ამასთან, ტარდებოდა შესაბამისი ზომები სანქციებისგან თავის არიდების მიზნით ქართული კომპანიების შესაძლო გამოყენების აღსაკვეთად. საანგარიშო წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები იდენტიფიცირებული არ ყოფილა. 2022 წელს, ასევე, გამოვლინდა უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეების შესახებ გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის მოპოვებას, ახდენდნენ სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის, სტრატეგიული და სარეჟიმო ობიექტების საეჭვო ფოტო-ვიდეო გადაღებას. სამსახურის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მათი საქმიანობა შეიზღუდა", - აღნიშნულია ანგარიშში. ასევე 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალა აქტიურად განაგრძნობდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 69 უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 9. სუს-ის დოკუმენტშია ნათქვამი, რომ აღნიშნულ უკანონო აქტივობებს შორისაა როგორც ახალი მავთუხლართების გავლება, ასევე, ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლება, ასევე ხაძარსაწინააღმდეგო ხნულების და თხრილების მოწყობა, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონო აღმართვა; ვიდეოკამერების დაყენების ფაქტები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აქვეყნებს რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შემთხვევებსაც – ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, საანგარიშო, 2022 წელს, უკანონო დაკავების 44 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13.