სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა. მოსალოდნელია, რომ სუს-ის ხელმძღვანელს რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.
მანამდე, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი - 2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, გასულ წელს არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა. კერძოდ, ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები.
სუს-ის შეფასებით, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ.
„კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმთან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა.
გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოების ასობით მოქალაქეს - ვიზიტორთა ნაკადში ასევე, გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ და ღიად გამოხატავდნენ საქართველოს ინტერესების საზიანო განწყობებს.
უწყების ინფორმაციით, ასევე, სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით, კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების დაფუძნების ფაქტები.
„სამსახურის ხელთ არსებული და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე „ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, საანგარიშო წლის განმავლობაში, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოების ასობით მოქალაქეს.
ვიზიტორთა ნაკადში ასევე გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ და ღიად გამოხატავდნენ საქართველოს ინტერესების საზიანო განწყობებს. მათ მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები.
სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით, კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოში დროებით მცხოვრები ოპერატიულად საყურადღებო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების დაფუძნების ფაქტები.
ამასთან, ტარდებოდა შესაბამისი ზომები სანქციებისგან თავის არიდების მიზნით ქართული კომპანიების შესაძლო გამოყენების აღსაკვეთად. საანგარიშო წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები იდენტიფიცირებული არ ყოფილა.
2022 წელს, ასევე, გამოვლინდა უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეების შესახებ გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის მოპოვებას, ახდენდნენ სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის, სტრატეგიული და სარეჟიმო ობიექტების საეჭვო ფოტო-ვიდეო გადაღებას. სამსახურის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მათი საქმიანობა შეიზღუდა", - აღნიშნულია ანგარიშში.
ასევე 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალა აქტიურად განაგრძნობდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.
2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 69 უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 9.
სუს-ის დოკუმენტშია ნათქვამი, რომ აღნიშნულ უკანონო აქტივობებს შორისაა როგორც ახალი მავთუხლართების გავლება, ასევე, ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლება, ასევე ხაძარსაწინააღმდეგო ხნულების და თხრილების მოწყობა, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონო აღმართვა; ვიდეოკამერების დაყენების ფაქტები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აქვეყნებს რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შემთხვევებსაც – ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, საანგარიშო, 2022 წელს, უკანონო დაკავების 44 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13.