თეგი: სვენ გიგოლდი
გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვევა
გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, სვენ გიგოლდი 19-დან 22 ივნისამდე საქართველოს ეწვევა და ეკონომიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ Europetime-ს გერმანიის საელჩოდან აცნობეს. სახელმწიფო მდივანს თან ახლავს გერმანული მცირე და საშუალო კომპანიების დელეგაცია სამშენებლო სექტორიდან. ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და საქართველოს ევროპული მომავალი. გიგოლდი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან. საუბარი უმთავრესად შეეხება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერას და ამისათვის საჭირო რეფორმებს. ბიზნეს-დელაგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გერმანული და ქართული კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირება. ამისათვის გაიმართება გერმანული კომპანიების ინდივიდუალური შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან და კლიენტებთან. მონაწილე კომპანიებს შეეძლებათ მათი პროდუქციისა და მომსახურების წარდგენა. „ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვეხმარებით მას ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, რაც მოიცავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას, საექსპორტო საკრედიტო გარანტიებს, საინვესტიციო გარანტიებსა და პარტნიორობას ადმინისტრაციულ საკითხებში. ასევე ხელმისაწვდომია მენეჯერთა გადამზადების პროგრამა და ევროკავშირის შეთავაზებები ადმინისტრირების მოდერნიზების კუთხით (ტვინინგის პროგრამა). განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ გერმანული კომპანიები საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ინტერესს გამოთქვამენ. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. ამ კუთხით მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაუმჯობესება, ამ მიზნით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების გაგრძელება და კორუფციასთან ბრძოლა. ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობას წარმოადგენს ევროკავშირის მიერ მოცემული პრიორიტეტების შესრულება“, განაცხადა საქართველოში გამომგზავრებამდე სახელმწიფო მდივანმა.
„საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი“ - გერმანიის ეკონიმიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი
გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი აცხადებს, რომ საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად. „საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთოებები. გერმანიის ფედერალური მთავრობა აძლიერებს გერმანულ კომპანიებს მათი საქმიანობისას რეგიონში და ამით აძლევს დადებით იმპულსს რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში,“ - განაცხადა სვენ გიგოლდმა. გერმანიის საელჩოს განცხადებით, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო ეხმარება საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტებით (ექსპორტის საკრედიტო გარანტიები, საინვესტიციო გარანტიები, ევროკავშირის ტვინინგის პროექტები, პარტნიორობა ადმინისტრაციულ დარგში, პროგრამა „პარტნიორობა ბიზნესში გერმანიასთან“). მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბაზრის გაფართოების პროგრამის ფარგლებში ხდება მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა უცხოურ ბაზარზე შესვლისას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ჩართულობის ინიციატივაში,“ ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გერმანიის გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი 7 მაისს იწყებს საქართველოს ვიზიტს და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. მას თან ახლდება გერმნული კერძო კომპანიების დელეგაცია. გერმანიის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. შეხვედრებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევის, გერმანიის მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ, ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები (მაგ. საჰაერო მიმოსვლა, გადახდის ოპერაციები, როუმინგი). დელეგაცია ასევე ესტუმრება ქართულ კერძო კომპანიებსა და ისაუბრებს ორმხრივ პროექტებზე. „ამ ვიზიტით ბატონ გიგოლდს სურს, განსაკუთრებული მხარდაჭრა გამოხატოს საქართველოს მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე,“ აცხადებენ გერმანიის საელჩოში.