გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი აცხადებს, რომ საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად.
„საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთოებები. გერმანიის ფედერალური მთავრობა აძლიერებს გერმანულ კომპანიებს მათი საქმიანობისას რეგიონში და ამით აძლევს დადებით იმპულსს რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში,“ - განაცხადა სვენ გიგოლდმა.
გერმანიის საელჩოს განცხადებით, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო ეხმარება საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტებით (ექსპორტის საკრედიტო გარანტიები, საინვესტიციო გარანტიები, ევროკავშირის ტვინინგის პროექტები, პარტნიორობა ადმინისტრაციულ დარგში, პროგრამა „პარტნიორობა ბიზნესში გერმანიასთან“).
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბაზრის გაფართოების პროგრამის ფარგლებში ხდება მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა უცხოურ ბაზარზე შესვლისას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ჩართულობის ინიციატივაში,“ ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გერმანიის გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი 7 მაისს იწყებს საქართველოს ვიზიტს და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. მას თან ახლდება გერმნული კერძო კომპანიების დელეგაცია.
გერმანიის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.
შეხვედრებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევის, გერმანიის მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ, ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები (მაგ. საჰაერო მიმოსვლა, გადახდის ოპერაციები, როუმინგი). დელეგაცია ასევე ესტუმრება ქართულ კერძო კომპანიებსა და ისაუბრებს ორმხრივ პროექტებზე. „ამ ვიზიტით ბატონ გიგოლდს სურს, განსაკუთრებული მხარდაჭრა გამოხატოს საქართველოს მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე,“ აცხადებენ გერმანიის საელჩოში.