თეგი: სოფლის მეურნეობა
უკრაინა მარცვლეულის საგაზაფხულო თესვას იწყებს
უკრაინა მარცვლეულის საგაზაფხულო თესვას უახლოეს დღეებში დაიწყებს და მარაგში აქვს საკმარისი მარცვლეული. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ტარას ვისოცკის განცხადებით, მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობას საკმარისი პური ჰქონდეს. ტარას ვისოცკი აცხადებს, რომ ქვეყანას, რომელიც წელიწადში 8 მილიონ ტონა ხორბალს მოიხმარს, 6 მილიონი ტონა მარაგი აქვს. მარაგებში ასევე შედის 15 მილიონი ტონა სიმინდი და მზესუმზირის ზეთის ხუთწლიანი მარაგი.
სომხეთმა სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროდუქტის ექსპორტი აკრძალა
სომხეთში ხორბლის, მესლინის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და წიწიბურას ექსპორტზე 6-თვიანი აკრძალვა დაწესდა. შესაბამისი გადაწყვეტილება 26 მაისს სომხეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. აღნიშნულია, რომ ადგილობრივი წარმოების გამო სომხეთი ამ პროდუქტზე ბაზრის შიდა მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს, რაც ძირითადად, იმპორტითაა განპირობებული. აკრძალვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება. ევრაზიული კავშირის წევრები არიან სომხეთი (2015 წლის 2 იანვრიდან); ბელორუსი (2015 წლის 1 იანვრიდან); ყაზახეთი (2015 წლის 1 იანვრიდან); ყირგიზეთი (2015 წლის 12 აგვისტოდან); რუსეთი (2015 წლის 1 იანვრიდან).
საქართველოდან ვაშლატამას ექსპორტი შემცირდა
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის პროცესში ჩართულია 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობა. ინფორმაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 16.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.4 ათასი ტონით (24%), ხოლო ღირებულება - 1.3 მლნ აშშ დოლარით (6%) შემცირდა. „კლება განაპირობა, უამინდობის გამო, მოსავლის აღების პროცესის ორი კვირის დაგვიანებით დაწყებამ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის და ვაშლატამას რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით. ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტრში.
ელჩი დანიგანი: აშშ მზადაა, სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაოს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. „ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ გვაქვს რეალური პროგრესი როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოც დაცვის კუთხით. ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერით, განვახორციელეთ რეფორმები, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რამაც მიგვიყვანა მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებამდე. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რის შემდეგაც, კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას დავიწყებთ როგორც რეფორმების, ისე საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები აშშ-თან როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით, რაც ნამდვილად შეგვიწყობს ხელს განვითარების გზაზე,“ - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. მხარეებმა განიხილეს როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის, ბაზრების დივერსიფიკაციის და სასურსათო უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვის საკითხები. აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა წარმატება უსურვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მზაობა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს სამინისტროს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით განსახორციელებელ სამუშაოში. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის გაზრდაზე, რაც ნიშნავს უფრო მეტ ქართულ პროდუქციას ამერიკაში და მეტი ამერიკული პროდუქციის შემოტანას საქართველოში. ჩვენ ასევე შევეხეთ იმ მხარდაჭერას, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია ქართველ ფერმერებს, პროდუქციის უფრო ეფექტიან წარმოებაში, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაყიდონ თავისი პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ უფრო მაღალი მოგების მარჟით. ჩვენ ნამდვილად გვაქვს მტკიცე თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სექტორში და მზად ვართ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ,“ - აღნიშნა რობინ დანიგანმა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.