თეგი: სტუ
„მივიღეთ გადაწყვეტილება თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ - განათლების მინისტრი
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს. „უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების კვლევით მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებით ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის თანახმად, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს,“ - განაცხადა მიქანაძემ. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ამით არ შემცირდება სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა. მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი.“ უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა.
სტუ აღარ გაერთიანდება თსუ-სთან - კობახიძე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად და არატექნიკური მიმართულებები დარჩება „მილევად რეჟიმში“, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. „ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განმარტა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება არსებული კადრების შენარჩუნებას, მიუხედავად არაერთი სპეციალობის გაუქმებისა. ტექნიკურ უნივერსიტეტს სულ 11 ფაკულტეტი აქვს, მათგან 9 ტექნიკური პროფილისაა. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუ-ში 2016 წლის 25 მაისს შეიქმნა. 2016 წლის მაისიდან ფუნქციონირებს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიც. ამ ფაკულტეტზე 17 საგანმანათლებლო პროგრამაა სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა); ასევე ქართულ ენაში მომზადების პროგრამა. ცნობისთვის უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან. „მივიღეთ გადაწყვეტილება თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ - განათლების მინისტრი
რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელთა განხორციელების უფლებაც დარჩებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ამ სისტემით უნივერსიტეტები სტუდენტებს 2026-2027 სასწავლო წელს მიიღებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები (პედაგოგიკის გამოკლებით); სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინები. „ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში... 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ,“ - თქვა გივი მიქანაძემ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიცინის სპეციალობები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პედაგოგიკის პროგრამები; ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრარულ სპეციალობები; ქართულ-აფხაზური ენისა და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები. სხვა უნივერსიტეტები სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე; ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას; ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე. უნივერსიტეტების ახალი კონცეფციის შესახებ მთავრობამ დღეს, 12 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, გივი მიქანაძემ კი, ბრიფინგზე ისაუბრა. მიქანაძის თქმით, 2026-2027 წელს დაახლოებით 2 ათასით გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტა და 21 300-მდე განისაზღვრება. მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები ყოველწლიურად გადაიხედება. კერძოდ, კვოტები დაეფუძნა შრომის ბაზრის ანალიზს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა, განათლების სამინისტროსა და კერძო სექტორთან კონსულტაციის საფუძველზე. “მივიღეთ ბაზრის კვლევის შედეგები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩაატარა. აქედან გამომდინარე შესაბამისი კვოტები სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს.” გივი მიქანაძის განმარტებით, “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენცია საკმაოდ მაღალია” საიმისოდ, რომ მსგავსი კვლევა ჩაეტარებინა. “სპეციალური შეხვედრაც ჩავატარეთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. როდესაც კონცეფცია გასაჯაროვდა, იქ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ცალსახად დააფიქსირეს ამ რეფორმის მნიშვნელობა და აუცილებლობა. გამოხატეს თავისი გულისტკივილი, რომ ხშირად მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ დონეზე დაიქირაონ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები და ცალსახად თქვეს, რომ ამ პროცესის განხორციელებაში აქვთ სრული მზაობა, რომ ჩაერთონ... ეს არის კომპლექსური მუშაობის შედეგი, რაც იქნება შემუშავებული.” გივი მიქანაძე ამბობს, რომ “კვლევის შედეგები დაზუსტდა სულ რამდენიმე დღის წინ, შედეგებზე შეჯერება იყო” და დარწმუნებულია, რომ “უახლოეს პერიოდში უკვე წარდგენა იქნება ანგარიშის და საზოგადოებას დეტალურად ექნება ინფორმაცია ამის შესახებ.” განათლების მინისტრის თქმით, კერძოდ “კვლევაში ჩართული იყო საქართველოს ბიზნესასოციაცია”, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ “ბიზნესასოციაციის ეგიდით შედგა შეხვედრა” და მას არ აქვს ინფორმაცია, კვლევაში კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა. „კონკრეტულად რომელი ბიზნესის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ბიზნესასოციაციის წევრი, კერძო სექტორის წარმომადგენლები რომ იღებდნენ მონაწილეობას, ეს ვიცი,” - აღნიშნა გივი მიქანაძემ. განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში. ცნობისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილმა სტუდენტებმა 15 თებერვალს, 15:00 საათზე განათლების რეფორმის საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს. შეკრებილი სტუდენტები ითხოვენ, “განათლების რეფორმის უკან გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობას და სრულფასოვანი განათლების უფლებას.”