განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელთა განხორციელების უფლებაც დარჩებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ამ სისტემით უნივერსიტეტები სტუდენტებს 2026-2027 სასწავლო წელს მიიღებენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებები (პედაგოგიკის გამოკლებით);
სამართალი;
ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება;
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინები.
„ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში...
2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ,“ - თქვა გივი მიქანაძემ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
მედიცინის სპეციალობები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პედაგოგიკის პროგრამები;
ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აგრარულ სპეციალობები;
ქართულ-აფხაზური ენისა და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები.
სხვა უნივერსიტეტები
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე;
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას;
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
უნივერსიტეტების ახალი კონცეფციის შესახებ მთავრობამ დღეს, 12 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, გივი მიქანაძემ კი, ბრიფინგზე ისაუბრა.
მიქანაძის თქმით, 2026-2027 წელს დაახლოებით 2 ათასით გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტა და 21 300-მდე განისაზღვრება.
მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები ყოველწლიურად გადაიხედება.
კერძოდ, კვოტები დაეფუძნა შრომის ბაზრის ანალიზს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა, განათლების სამინისტროსა და კერძო სექტორთან კონსულტაციის საფუძველზე.
“მივიღეთ ბაზრის კვლევის შედეგები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩაატარა. აქედან გამომდინარე შესაბამისი კვოტები სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს.”
გივი მიქანაძის განმარტებით, “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენცია საკმაოდ მაღალია” საიმისოდ, რომ მსგავსი კვლევა ჩაეტარებინა.
“სპეციალური შეხვედრაც ჩავატარეთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. როდესაც კონცეფცია გასაჯაროვდა, იქ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ცალსახად დააფიქსირეს ამ რეფორმის მნიშვნელობა და აუცილებლობა. გამოხატეს თავისი გულისტკივილი, რომ ხშირად მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ დონეზე დაიქირაონ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები და ცალსახად თქვეს, რომ ამ პროცესის განხორციელებაში აქვთ სრული მზაობა, რომ ჩაერთონ... ეს არის კომპლექსური მუშაობის შედეგი, რაც იქნება შემუშავებული.”
გივი მიქანაძე ამბობს, რომ “კვლევის შედეგები დაზუსტდა სულ რამდენიმე დღის წინ, შედეგებზე შეჯერება იყო” და დარწმუნებულია, რომ “უახლოეს პერიოდში უკვე წარდგენა იქნება ანგარიშის და საზოგადოებას დეტალურად ექნება ინფორმაცია ამის შესახებ.”
განათლების მინისტრის თქმით, კერძოდ “კვლევაში ჩართული იყო საქართველოს ბიზნესასოციაცია”, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ “ბიზნესასოციაციის ეგიდით შედგა შეხვედრა” და მას არ აქვს ინფორმაცია, კვლევაში კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა.
„კონკრეტულად რომელი ბიზნესის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ბიზნესასოციაციის წევრი, კერძო სექტორის წარმომადგენლები რომ იღებდნენ მონაწილეობას, ეს ვიცი,” - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში.
ცნობისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილმა სტუდენტებმა 15 თებერვალს, 15:00 საათზე განათლების რეფორმის საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს.
შეკრებილი სტუდენტები ითხოვენ, “განათლების რეფორმის უკან გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობას და სრულფასოვანი განათლების უფლებას.”