თეგი: სტუდენტი
თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა, რომლის ამოქმედებაც 2025 წლიდან იგეგმება. მან იმ პირობებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, სავალდებულო სამხედრო სამსახური 4 წლის განმავლობაში ისე გაიარონ, რომ მათ სწავლის პროცესში ხელი არ შეეშალოთ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ახალი სისტემა მოქნილია სტუდენტებისთვისაც და მათი გადამზადება 4 წლის განმავლობაში არდადეგების ხარჯზე მოხდება: „ეს გულისხმობს, რომ 4 წლის განმავლობაში, ყოველ წელიწადს, წელიწადში ერთხელ არდადეგების ხარჯზე მოხდეს მათი გადამზადება, წვრთნა - შეკრება და 4 წლის თავზე, როდესაც ისინი დიპლომს აიღებენ, ჩაირიცხებიან რეზერვში. ეს პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტები შეიძენენ მინიმალურ და აუცილებელ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს“. გრიგოლ გიორგაძის თქმით, ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და სტუდენტების შერჩევა მოხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. „ყოველწლიურად დგინდება გასაწვევ პირთა ოდენობა მთავრობის აქტით და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები, იმის მიხედვით, თუ როგორ არის შესავსები სხვადასხვა ქვედანაყოფი, ადგენს კონკრეტულ ციფრს. ასევე, ეს დაკავშირებულია შესაბამის რესურსთან - გაწვრთნას სჭირდება შესაბამისი ინსტრუქტორები, ოფიცრები, სერჟანტები და ბუნებრივია, ეს ციფრი სწორედ ამ რეალობიდან გამოდის“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი თუ სწავლასთან ერთად 4 - წლიანი პროგრამა. „სტუდენტს ექნება 4 არჩევანი - შეუძლია, აიღოს აკადემიური ან 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი გაიაროს, მაგრამ დასჭირდება აკადემიური. თუ მას უნდა შეუთავსოს სწავლას, მაშინ არის ოფცია 4-წლიანის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი პროგრამა, რომელიც შემოგვაქვს. ეს არის რეზერვის ოფიცრის პროგრამა. აქაც შეუძლიათ სტუდენტებს, მონაწილეობა და არ შეეშლებათ ხელი სწავლაში იმიტომ, რომ ესეც უქმეების პერიოდზეა აგებული. გარდა სტუდენტებისა, ვისაც აქვს უმაღლესი განათლება, მათაც შეუძლიათ, ამ პროგრამით ისარგებლონ“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სტუდენტის სტატუსი ავტომატურად გადავადების საფუძველი რეფორმის შემდეგ აღარ იქნება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სტუდენტი შესაძლოა, გაწვევას დაექვემდებაროს. „დღეს გვაქვს სტუდენტის სტატუსი როგორც გადავადების საფუძველი, ვიდრე მას აქვს სტუდენტის სტატუსი. შემოთავაზებული ცვლილებით, სტუდენტის სტატუსი არ არის გადავადების ავტომატური საფუძველი. ეს იმ შემთხვევაში, თუ მე 7 ათასი ადამიანი უნდა გავიწვიო მიმდინარე წელს და სხვა არა სტუდენტი ადამიანი შევაგროვე 6500, მე მჭირდება უკვე 500 სტუდენტით შევავსო. შერჩევის პრინციპით, პირველი ხუთასი ვინც იქნება, მათ შევთავაზებთ ამ ოპციებს“ - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ პირველი არხის ეთერში. ასევე წაიკითხეთ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებამ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა და „იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. კერძოდ, უწყების ცნობით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“: იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა; ძლიერდება ჯარის სოციალური გარანტიები; იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ახალი კოდექსით: ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში; ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და NATO-ს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო; ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს; არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ: თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი; ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება; ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს. ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები: აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით. ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით: თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; სამხედროები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე პირველ მარტს ისაუბრა, რომლის ამოქმედებაც 2025 წლიდან იგეგმება. მან იმ პირობებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემდა სავალდებულო სამხედრო სამსახური 4 წლის განმავლობაში ისე გაევლოთ, რომ მათ სწავლის პროცესში ხელი არ შეეშალოთ. მისივე თქმით, ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარებოდა გაწვევას და ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეოდნენ. დღეს გავრცელებული ცნობით კი, ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლებათ მოხდილად რიგ შემთხვევებში. არსებული კანონმდელობით, ჯარში 18-დან 27 წლამდე ახალგზრდებს იწვევენ.
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეიდან, 6 მარტიდან, დაფინანსების მისაღებად სტუდენტების განაცხადებების მიღება იწყება. 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიას შეუძლიათ მიმართონ სოციალურად დაუცველმა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებმა, რომლებიც დედაქალაქში არიან რეგისტრირებული. „დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი,“ - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა განმარტა, გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. სტუდენტებს სემესტრული თანხის ფარგლებში შეუძლიათ მიიღონ (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება. კახა კალაძის ინფორმაციით, განცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ თბილისის მერიის ვებსაიტს - www.tbilisi.gov.ge.