სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეიდან, 6 მარტიდან, დაფინანსების მისაღებად სტუდენტების განაცხადებების მიღება იწყება. 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიას შეუძლიათ მიმართონ სოციალურად დაუცველმა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებმა, რომლებიც დედაქალაქში არიან რეგისტრირებული.


„დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. სტუდენტებს სემესტრული თანხის ფარგლებში შეუძლიათ მიიღონ (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება.

კახა კალაძის ინფორმაციით, განცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ თბილისის მერიის ვებსაიტს - www.tbilisi.gov.ge.