თეგი: სურსათის ეროვნული სააგენტო
თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში, ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო გამოავლინეს, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საწარმოში გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოვლინდა. სეს-ის განმარტებით, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც ფუნქციონირებდა. „სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა ჯანმრთელობა და უფლებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო „ქინდერის“ საეჭვო პარტიაზე, ახალ განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო ახალი შეტყობინება, ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების შესახებ. „საგანგაშო შეტყობინებაზე“ თანდართული დოკუმენტების თანახმად, საქართველოში შპს “ბიდი კომპანის” მიერ იმპორტირებულია შემდეგი პროდუქტი: 1. KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16 HANGING BAG GEORGIA&AZER, პარტიის №L089RZ-/01, ვარგისიანობის ვადა: 10.11.2021, რაოდენობა: 218 კგ. პარტიის № L167RZ-/01, ვარგისიანობის ვადა: 27.01.2022, რაოდენობა: 871 კგ. პარტიის № L201R03/01, ვარგისიანობის ვადა: 02.03.2022, რაოდენობა: 54 კგ. 2. KINDER SORPRESA MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI KINDER SORPRESA MAXI K2,5X12 PIECE CHRISTMAS, პარტიის № L301R03/09, ვარგისიანობის ვადა: 25.07.2022, რაოდენობა: 411კგ. 3. KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16 HANGING BAG BASE, პარტიის № L017L03/01 ვარგისიანობის ვადა: 14.09.2022, რაოდენობა: 435კგ. პარტიის № L038L03/01, ვარგისიანობის ვადა: 05.10.2022, რაოდენობა: 218კგ. პარტიის № L245R03/01, ვარგისიანობის ვადა: 30.04.2022, რაოდენობა: 218კგ. პარტიის № L266R03/01, ვარგისიანობის ვადა: 21.05.2022, რაოდენობა: 653კგ. პარტიის № L294R03/01, ვარგისიანობის ვადა: 18.06.2022, რაოდენობა: 435კგ. პარტიის № L299R03/01, ვარგისიანობის ვადა: 23.06.2022, რაოდენობა: 218კგ. პარტიის № L326R03/01, ვარგისიანობის ვადა: 20.07.2022, რაოდენობა: 218კგ. პარტიის № L342R03/03, ვარგისიანობის ვადა: 05.08.2022, რაოდენობა: 204 კგ. პარტიის № L349R03/05, ვარგისიანობის ვადა: 12.08.2022, რაოდენობა: 14კგ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაიწყო - იმპორტიორ კომპანიას დაავალა კონკრეტული პარტიების რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად, ბიზნესოპერატორთან ტარდება არაგეგმური ინსპექტირება. ‼️ სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა, მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა. ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.
ბაზარზე ხორცი “QR“ კოდით განთავსდება
"ბაზარზე ხორცი “QR“ კოდით განთავსდება, ანუ მომხმარებელს ეცოდინება ცხოველის დაკვლის თარიღი, სასაკლაო, ხორცის ადგილწარმოშობა და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს", - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, ეტიკეტირებისგან განსხვავებით, QR კოდების მოთხოვნა სარეკომენდაციო ხასიათის იქნება. შესაბამისად, სარეალიზაციო ობიექტები თავად განსაზღვრავენ, ექნება თუ არა მათ პროდუქციას QR კოდი. “მოქმედი კანონმდებლობით ხორცის ეტიკეტირება სავალდებულოა, თუმცა, ამასთან ერთად, ეტიკეტზე დატანილი იქნება „QR“ კოდი, რაც მომხმარებელს ან დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ადგილწარმოშობა, ვიზუალური მონაცემები, დაკვლის თარიღი, სასაკლაო და ა.შ.) რომლისგანაც მიღებულია ხორცი.ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესს, ხოლო 2017 წლიდან, FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ცხოველთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის და მონაცემთა ერთიანი ბაზის დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო აღრიცხვიანობის და მიკვლევადობის გაუმჯობესებას”, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო: სურსათის ნიმუშებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლინდა
გამოკვლეული ხორცის და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზის პროდუქტების, ბავშვთა კვების 118 ნიმუშში, ტყვიის შემცველობა ნორმას შეესაბამებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სურსათსა და წყალში აქტიურად იკვლევს მძიმე მეტალების, მათ შორის ტყვიის შემცველობას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, გურიის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. შედეგად, გამოკვლეულია ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზის პროდუქტების, ბავშვთა კვების 118 ნიმუში, საიდანაც ტყვიის შემცველობა ყველა შემთხვევაში ნორმას შეესაბამებოდა. დარღვევების მინიმუმამდე შემცირება ბოლო წლებში გააქტიურებული კონტროლის, სააგენტოს მიერ მიღებული სპეციალური ზომებისა და ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგია. 2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბმობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა. სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნიმუშების აღებასა და კვლევას განაგრძობს. ტყვია არის მძიმე ლითონი, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს, ჭარბი რაოდენობით იგი მომწამვლელია. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველობა სურსათსა და წყალში დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათში ტყვიის შემცველობაზე განცხადებას ავრცელებს
ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული სურსათის 614 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ სუნელ-სანელებლების 4 ნიმუშში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის სურსათს, სააგენტოს ინფორმაციით, აღებული 197 ნიმუშიდან, დასაშვებ ნორმას ტყვიის შემცველობა სუნელ-სანელებლების 4 შემთხვევაში აღემატებოდა: • წითელი წიწაკა დაღერღილი, ყვითელი ყვავილი (2 ნიმუში) - რეალიზატორი - ფიზიკური პირი - ნიმუშის აღების ადგილი - თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ.135 (ე.წ. დეზერტირების ბაზრის მესამე სართული-დახლთან მოვაჭრე);• მშრალი აჯიკა მეგრული (1 ნიმუში) - შპს „ნთკ 2016“ – ნიმუშის აღების ადგილი - ბათუმი, მაიაკოვსკის ქ 4. ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;• წითელი წიწაკა (1 ნიმუში) - ფიზიკური პირი - ნიმუშის აღების ადგილი - ქობულეთი, თავისუფლების ქ. 15 (აგრარული ბაზრის ტერიტორია).აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, დაგეგმილია როგორც ცხოველური (544), ასევე მცენარეული წარმოშობის (374) 918 ნიმუშის, სასმელი წყლის 402 და ალკოჰოლიანი სასმლის 75 ნიმუშის/სინჯის აღება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების, ბიზნესოპერატორებთან რეგულარული კომუნიკაციისა და გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. 2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბამობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა. „ტყვია არის მძიმე ლითონი, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს. ჭარბი რაოდენობით იგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და იწვევს სხვადასხვა გართულებას. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველობა სურსათსა და წყალში დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო ხბოების დაცვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გარკვეული მედიასაშუალებების მიერ „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცება სრულიად არაადეკვატურად იქნა აღქმული და გააზრებული, რაც საზოგადოებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ჩრდილს აყენებს და ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს. საკანონმდებლო დაახლოების აღნიშნული პროცესი გაწერილი და შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 2015 წლიდან დღემდე, 272 დირექტივიდან მიღებული და დაახლოებულია 162 ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მათ შორისაა, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული დირექტივები, რომელიც, ასევე, DCFTA-ით არის გათვალისწინებული. ზემოაღნიშნულის ფარგლებში, შემუშავებულია „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის“ პროექტი, ხოლო „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. რეგლამენტი 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/119/EC დირექტივის შესაბამისად მომზადდა და ითვალისწინებს 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადგომის შესაბამის სივრცეს, სათანადო საკვებ რაციონსა და ა.შ., რაც, შემდგომ, უზრუნველყოფს პროდუქტიულობის ზრდას და უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოების წინაპირობაა. გაწერილი გეგმის მიხედვით, აღნიშნული დადგენილების მიღების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წელი, ხოლო მისი ამოქმედების ვადაა 2028 წლის პირველი იანვარი. გარდა ამისა, 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/120/EC დირექტივის შესაბამისად მომზადებულია „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი და ადგენს ღორების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ასევე 2007 წლის 28 ივნისის ევროსაბჭოს 2007/43/EC დირექტივის შესაბამისად დაგეგმილია საკანონმდებლო დაახლოება, რომელიც ითვალისწინებს მეხორცული ჯიშის ქათმების დაცვის მინიმალურ წესებს. აღნიშნული რეგულაციების მიღება ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა იმისათვის, რომ ქართველი ფერმერებისთვის სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის გატანა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საწებლისა და წიწაკის 2 ნიმუშში „სუდანის“ ჯგუფის აკრძალული საღებავები გამოვლინდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საწებლისა და წიწაკის 2 ნიმუშში „სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა: შპს „გემო“- „ტომატის საწებელი ცხარე“ - აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Sudan I, დამზადების თარიღი: 31.08.2022 წელი, ჩამოსხმულია 0.5ლ მინის ქილაში, მისამართი: ქ. რუსთავი, რჩეულიშვილის ქ. 9; წითელი წიწაკა - აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Para Red, ი/მ შორენა კაპეტივაძე, მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. 135, დეზერტირების ბაზარი, მესამე სართული, დახლზე მოვაჭრე. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის ეტიკეტი და მიკვლევადობისათვის საჭირო დოკუმენტი. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. შპს „გემო“-ს და ი.მ. „შორენა კაპეტივაძე“-ს აეკრძალათ ზემოაღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაევალათ უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროდუქცია უკვე გამოთხოვილია სარეალიზაციო ქსელიდან. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ამავდროულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ მოკვლევის პროცესს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს. საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია. “სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქვილი წიწაკის ფერის გასაძლიერებლად. სააგენტო, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს კვლევას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წელს უკვე აღებული და გამოკვლეულია 60 ნიმუში. 2019 წელს სააგენტოს მიერ გამოკვლეული 10 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა წითელი წიწაკის 9 ნიმუშში; 2020 წელს - 21 ნიმუშიდან აკრძალული საღებავები აღმოჩნდა 9 ნიმუშში; 2021 წელს გამოკვლეული 33 ნიმუშიდან დარღვევა არ გამოვლენილა. კვლევის შედეგების და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან მოქმედებს სპეციალური მოთხოვნები წითელი წიწაკის იმპორტისას. ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქტიური კომუნიკაცია აქვს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, საპატრულო პოლიციის ჩართულობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში ფიზიკური პირის, გოგა ბაქუზანოვის ეზოში უკანონო, კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინეს, სადაც ხდებოდა ცხენების დაკვლა. ფიზიკურ პირს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქმე, შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“( ს/კ 400254087, მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N 22), რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ, განადგურების მიზნით, დაილუქა 1166 კილოგრამი თევზი (სკუმბრია შებოლილი 320 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები შებოლილი 19 კგ, სკუმბრია დამარილებული 720 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები 107 კგ). ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა.
საახალწლოდ ხორცპროდუქტების მოხმარებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს
გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხორცი ხშირად იყიდება ისეთ გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცის შეძენისას, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: · ხორცი ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; · ეტიკეტი განთავსებული იყოს თვალსაჩინო ადგილას. ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: · ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი; დამზადებისა და გამოყენების თარიღი და დრო; · თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; · თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; საქონლის ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია QR კოდის მეშვეობითაც; · სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი. არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ ობიექტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „რეტროს“ ხუთი ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გამო საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საშაურმე „რეტროს“ ხუთი ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ხუთი ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. ხუთივე მათგანმა მიირთვა შაურმა საშაურმე „რეტროს“ (შპს „ბრაზერსი“) ორ სხვადასხვა მისამართზე (აბასთუმნის ქ. #1ა და სამტრედიის ქ. #9) მდებარე ობიექტებში. „მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა აღნიშნულ ობიექტებში სახელმწიფო კონტროლი მყისიერად განახორციელეს. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები. ამასთან, საშაურმეებში ზოგადი სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 66-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საქმიანობის უფლება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება, მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები და ჩატარდა ვაქცინაცია. "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდება, მათ აცრა ჩაუტარდათ. ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ცხოველთან ნებისმიერი რისკის შემცველი კონტაქტის შემთხვევაში, დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას „საეჭვო წარმომავლობის“ ხორცთან დაკავშირებით აფრთხილებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტო აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ. „შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან. მოკვლევა გრძელდება. ამჯერად პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა. მისი განმარტებით, ფარში შეიძინეს ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში, თუმცა, ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2! ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა, დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო 2 შეტყობინება 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ. სურსათის ეეროვნული სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური.“ „შეტყობინებების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს ინსპექტირება „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მარკეტებში (ს/კ 206255808) მისამართებზე: თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N62/495; თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის, ასევე, მიკვლევადობით დადგენილ სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1.6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი „კოტლეტი კიევურით“ მარაგდებოდა. სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე. მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს,“ - ნათქვამია სააგეტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განახლება: "ნიკორა" ადასტურებს, რომ მათთან ნაყიდი პროდუქტით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე „გრაკოს“, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია „ჯეო დისტრიბუცია." რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ პრობლემის განვრცობის მასშტაბი ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით,“ - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კეტჩუპის ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი „PRIMO“-ს ნიმუშში (დამამზადებელი შპს „სანფუდი“, სომხეთი, ქ. ერევანი, შირაკის ქ. N 1/68. ნეტო: 200 გ.; დამზადების თარიღი: 03.06. 2023 წელი; დისტრიბუტორი საქართველოში: ი/მ გაგიკ კობალიან, ს/კ 07001011888, ქ. ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. 61/10) აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I გამოვლინდა. სააგენტოს ინსპექტორებმა ი/მ „გაგიკ კობალიანს“ აუკრძალეს აღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაავალეს უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. „ამავდროულად, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირები ბიზნესოპერატორთან სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს კეტჩუპი „PRIMO“-ს ზემოაღნიშნული პარტია. სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია,“ - ნათქვამია საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო: ნამცხვარ „დონატში“ ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობით, იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება სავანის სკოლის ბუფეტში. „შემოწმებისას სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღია 05/04/2023 წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი. ამავდროულად, აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით, აიღეს და გააგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების - ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა - 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი - 2000 კწე/გ-ში). ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს აღნიშნული სურსათის მოკვლევისა და ამოღების მიზნით. შედეგების შესახებ სააგენტო დამატებით აცნობებს საზოგადოებას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეძებენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. უწყების ინფორმაციით, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შევიდა.„ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია".სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შესახებ უკვე აცნობეს ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისა და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო წინასაახალწლოდ მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის. ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე); ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას; ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ. ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები) გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სურსათის სააგენტომ შაურმით მოწამვლის ფაქტი გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე „დონ ჩიჩოს“ მიერ წარმოებული შაურმა. „შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „დონ ჩიჩო 2007“, ს/კ 405668004; მის: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას N59) სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს. საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა მითითებები გონივრული ვადის გათვალისწინებით. გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა, ლაბორატორიული კვლევის მიზნით, აიღეს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუში (ქათმის შაურმა, ქათმის შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ხორცი, სალათის ფოთოლი (გარეცხილი, დაჭრილი) და გაყინული ქათმის ბარკალი. ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები, კერძოდ: ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც. საკვებისმიერი მოწამვლა არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია დაბინძურებული სურსათის მიღებით, უმეტეს შემთხვევაში, სურსათი დაბინძურებულია ბაქტერიებით ან ვირუსებით,“ წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.
სალმონელოზის დადასტურების გამო, თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე OK-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22). ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ - საშაურმე “OK”, ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი - არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი). ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები. შპს „მადლს“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. სურსათის სააგენტომ შაურმით მოწამვლის ფაქტი 15 მარტსაც გამოავლინა.
ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium გამოვლინდა. „პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262). სააგენტომ შპს „TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად. სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა,“ წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.