სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „რეტროს“ ხუთი ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გამო საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საშაურმე „რეტროს“ ხუთი ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ხუთი ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. ხუთივე მათგანმა მიირთვა შაურმა საშაურმე „რეტროს“ (შპს „ბრაზერსი“) ორ სხვადასხვა მისამართზე (აბასთუმნის ქ. #1ა და სამტრედიის ქ. #9) მდებარე ობიექტებში.

„მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა აღნიშნულ ობიექტებში სახელმწიფო კონტროლი მყისიერად განახორციელეს. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები. ამასთან, საშაურმეებში ზოგადი სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 66-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საქმიანობის უფლება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.