თეგი: ტანკერები
თურქეთი, დეკემბრიდან ტანკერებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს
პირველი დეკემბრიდან თურქეთი, ნავთობის გადამზიდავი გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს. Bloomberg-ის ცნობით, შეზღუდვები შეეხებათ იმ ტანკერებს, რომელთაც დაზღვევა არ ექნებათ. ახალი წესი, რუსული ნავთობის წინააღმდეგ ევროპული სანქციების დაწესებამდე, რამდენიმე დღით ადრე ამოქმედდება. სანქციების დაწესების შემდეგ, რუსი ნავთობმწარმოებლები, დადგენილ ლიმიტზე მაღალი ფასით ნავთობის ტრანსპორტირების შემთხვევაში, დაზღვევის მიღების შესაძლებლობას დაკარგავენ. საზღვაო მოძრაობის კონტროლის სისტემაში მომუშავე თურქმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ბოსფორის გადაკვეთის ახალი წესები დაკავშირებულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან, თუმცა თურქეთი მათ ოფიციალურად არ შეუერთდა. ოფიციალური პირის თქმით, ცვლილება გავლენას მოახდენს რუსული ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე, თუ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ზარალის სადაზღვევო გარანტიების წარდგენას, საგანგებო მოვლენების შემთხვევაში, როგორიცაა ნავთობის დაღვრა. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია სრუტეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობასთან. აღსანიშნავია, რომ ნოვოროსიისკიდან რუსული ნავთობის მთელი ექსპორტი, დაახლოებით 650 000 ბარელი დღეში, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს. ევროკავშირი, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს 24 ნოემბერს გამოაცხადებს.
რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის შემდეგ, თურქეთის სანაპიროებთან ნავთობის ტანკერების საცობი წარმოიქმნა
თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის გადამზიდავამა ტანკერებმა საცობი წარმოქმნეს. 19 ტანკერმა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებთან, რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის ამოქმედების შემდეგ, ღუზა ჩაუშვა. ამის შესახებ Financial Times-მა გადაზიდვის ბროკერების, ნავთობით მოვაჭრეებისა და სატელიტური თრექინგის სერვისების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა. რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის გამო, რომელიც 5 დეკემბერს ამოქმედდა, ტანკერებს, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ, საქონლის დასავლეთში დაზღვევა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ნავთობის ფასი, ბარელზე $60-ის ზღვარს აღემატება. შეზღუდვების დაწესების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ მოითხოვა ნავთობის დაზღვევის დამადასტურებელი საბუთი. თურქეთის სანაპიროებთან გემებზე, ნავთობის უმეტესი ნაწილი ყაზახური წარმოშობისაა. ყაზახეთიდან ნავთობი რუსეთში მილსადენით შემოდის და არ ექვემდებარება დასავლეთის სანქციებს. 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ, რომელიც საზღვაო ტრანსპორტით ნავთობის გადაზიდვებზე ფასის ჭერს ითვალისწინებს. რუსული ნავთობის ჭერის ფასი, სამომავლოდ ფასის შეცვლის შესაძლებლობით, 60 დოლარით განისაზღვრა. „მიღებული შეზღუდვები გავლენას ახდენს რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სერვისების ფართო სპექტრზე“, - წერს მედია.