თეგი: ტრანსპორტი

რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ცნობისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს, 07:00 საათიდან უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.  

ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 9 აგვისტოს 00:00 საათიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  კერძოდ, ტრანსპორტი ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით, მხოლოდ ირბახის ქუჩის გავლით იმოძრავებს; წურწუმიას ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება, ირბახის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართის მიმართულებით; მესხიშვილის ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ არმაზის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართისა და ირბახის ქუჩის მიმართულებით. ასევე, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზე, თელავის ქუჩის კვეთიდან ავლაბრის მოედნამდე, ხოლო თელავისა და ბოჭორმის ქუჩების კვეთიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით. აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N393  იმოძრავებენ  კაჩინსკის ქუჩის გადაკვეთამდე, ხოლო ავტობუსი N337 კაჩინსკის ქუჩას გაივლის ბოლომდე. ავტობუსები მოძრაობას განაგრძობენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ევროპის მოედანს, კვლავ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩაზე მიიყვანენ. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ გორგასალის ქუჩისკენ და 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, კაჩინსკის ქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან. შემდეგ ავტობუსები იმოძრავებენ დადგენილი სქემით. მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534, N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ, შემდეგ, ზურაბაშვილის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედნიდან მოძრაობას წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით შეძლებენ, საიდანაც ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და ისნის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.  

ქეთევან დედოფლის გამზირზე, ტრანსპორტის გადაადგილების სქემა იცვლება

თბილისის მერიის ცნობით, ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთზე - იალბუზის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება და გადაადგილების სქემა შეიცვლება. აღნიშნული ცვლილებების გამო, გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მიმართულებით: მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ასევე, წინანდლის ქუჩიდან, ახმეტის, თელავის, ზურაბაშვილის, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, მოსკოვის გამზირის მიმართულებით; მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩაჩავას, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე), ლეხ კაჩინსკის, ჯორჯ ბუშის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით; სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთი - ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ცალმხრივი გახდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N393 ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით მტკვრის მარცხენა სანაპირომდე, შემდეგ 300 არაგველის ხიდით დაუკავშირდებიან მარჯვენა სანაპიროს, მეტეხის ხიდისა და მარცხენა სანაპიროს გავლით, გადავლენ ბარათაშვილის ქუჩაზე და იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნისკენ იმოძრავებენ, ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩებს, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირიდან სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსი N337 ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებს, რის შემდეგაც, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდება მარჯვენა სანაპიროს და მეტეხის ხიდს, შემდეგ კვლავ მარცხენა სანაპიროზე გადავა და ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრაობას ავლაბრის მოედნისკენ შეძლებს, ავლაბრის მოედნიდან დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს, შემდეგ კი ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩებს და გააგრძელებს მოძრაობას დადგენილი სქემით. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N462, N472, N528, N534, N540 მეტროსადგური „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავლაბრის მოედნისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკისა და აწყურის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, კასპის, ძმები ყურაშვილების, წინანდლისა და ახმეტის ქუჩების გავლით, თელავის ქუჩაზე გადავლენ, საიდანაც წურწუმიასა და ირბახის ქუჩების საშუალებით, მოხვდებიან ავლაბრის მოედანზე და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსები ავლაბრის მოედნიდან გადაადგილდებიან ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით, საიდანაც ისევ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.  

ლევან დავითაშვილი: ჩვენ გარდავქმნით საქართველოს სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) 21-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა და CAREC – 2030 პროგრამის მიზნების რეალიზებას მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოსტპანდემიურ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. „საქართველო დაზარალდა პანდემიით, თუმცა, ჩვენ შევძელით სწრაფად დაგვებრუნებინა ეკონომიკა განვითარების ძველ გზაზე, შეგვექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები აღდგენისათვის. მოხარული ვარ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა კიდევ უფრო გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო უზრუნველყოფს უსწრაფეს ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში (2022 - 2027 წწ.) რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებს შორის, 5,6%  - ის ოდენობით ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებითა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სტრუქტურული რეფორმებით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება CAREC-ის პოსტ-პანდემიის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც ეკონომიკის „მწვანე“, მდგრად და ინკლუზიურ აღდგენას ითვალისწინებს. „ეს არის ჩარჩო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და პროდუქტიულობა რეგიონის მასშტაბით დიგიტალიზაციის, ინოვაციებისა და ინვესტიციების გზით. ეს მოგვცემს საშუალებას გვქონდეს მდგრადობა მომავალი გამოწვევების მიმართ, აღვადგინოთ ვაჭრობა და გავხდეთ უფრო ძლიერი, უფრო დაკავშირებული და უფრო ინკლუზიური“. ვიცე-პრემიერის განცხადებით, CAREC 2030 არის ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროს, რომელიც ასახულია სპეციალურ ოპერაციულ კლასტერებში. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს CAREC-ის ინტეგრირებული სავაჭრო დღის წესრიგის მიზნებს სტრატეგია 2030-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს CAREC-ის წევრებს გლობალურ ეკონომიკაში უკეთ ინტეგრირებაში, საბოლოო ჯამში მათი ზრდის პოტენციალის გაძლიერებასა და რეგიონში მცხოვრებთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. „ნება მომეცით, ხაზი გავუსვა CAREC-ის ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირის გაძლიერებას CAREC-ის რეგიონში ერთობლივი მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რადგან ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გარდაქმნას სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად - რეგიონულ ცენტრად, რომელიც სწრაფ ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ხელმისაწვდომს გახდის ბიზნესისთვის ორ კონტინენტზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მჯერა, რომ CAREC-ის ენერგეტიკული სტრატეგიით დასახული მიზნები 2030 ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი წილის მიღწევას და, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, გაზრდის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.